„მეათე კლასში ზეპირად ვიცოდი „ვეფხისტყაოსანი“ – დათა ბესელიას დაუსრულებელი ფიქრი მარადიულ ფასეულობებზე

სამეგრელოში, ნოსირში დაიბადა. ამბობს, რომ ლამაზი ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ვერასოდეს დაივიწყებს, როცა სოფელში თვითმფრინავები დაფრინავდნენ და  რუსეთმა სენაკი დაბომბა.
ლექსის სიყვარული ოჯახურმა გარემომ განაპირობა. პოეტის შვილს ოჯახში მუდამ ლექსები ესმოდა და 5 წლის ასაკში გალაკტიონის თითქმის ყველა შედევრს ზეპირად კითხულობდა. 15 წლის ასაკში უკვე ზეპირად იცოდა ვეფხისტყაოსანიდა ქართული პოეზიის უამრავი შედევრი!
მისი არჩევანიც – ფილოლოგი გამხდარიყო – ოჯახმა განსაზღვრა…
 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და 22 წლის ასაკში მაგისტრატურაში აგრძელებს სწავლას. დათა ბესელიას პერსონა.

–  ნოსირში დავიბადე და ბავშვობაც იქვე გავატარე. ჩემი მშობლები ჩემს დაბადებამდე თბილისში ცხოვრობდნენ. მაშინ, მოგეხსენებათ, არეული დრო იყო (1995 – ში ვარ დაბადებული). მშობლები სენაკში, მამაპაპისეულ სახლში წასულან და იქ დავბადებულვარ.  მე და ჩემს უმცროს ძმას ძალიან კარგი ბავშვობა გვქონდა. თუმცა ცუდი, ურთულესი წლები იყო, რაც არასოდეს მავიწყდება.
2008 წლის აგვისტოში სენაკი დაბომბა რუსეთმა და ჩვენს სოფელში თვითმფრინავები დაფრინავდნენ. ის შიში არასოდეს დამავიწყდება. ბავშვობის შთაბეჭდილებები, მოგეხსენებათ, მარადიულია. აწი, რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ რუსეთი ჩემთვის მხოლოდ ის შიშია, ჩემთვის რუსეთი არც პუშკინია, არც ბლოკია და არც ტოლსტოი, ესენი ცალკე დგანან. რუსეთი ჩემთვის აგრესორია. პირველად ცხოვრებაში რუსულმა ბომბებმა შემაშინა.
   პოეტ ვასილ ბესელიას შვილი ხართმისი რომელი ლექსი იცით ზეპირად და მამაზე რას იტყოდით? რამდენად მოახდინა გავლენა თქვენი პროფესიის არჩევაში?

ორ პოეტთან ერთად – საშა გველესიანი (მარცხნივ) და მამა – ვასილ ბესელია

– მამაჩემის უამრავი ლექსი ვიცი ზეპირად. მიმაჩნია, რომ ვასილ ბესელია ძალიან კარგი პოეტი და პიროვნებაა. კარგი მამა რომ არის, ამაზე რაღა ვილაპარაკო. ჩემი არჩევანი – ფილოლოგი გავმხდარიყავი – ოჯახმა განსაზღვრა, ყველაფერი იმ გარემომ გადაწყვიტა, რომელშიც გავიზარდე. გაგიკვირდებათ და, მამაჩემიც და დედაჩემიც ინჟინრები არიან პროფესიით. წლების განმავლობაში მამა თბილისში მანქანათმშენებლობის ქარხნის დირექტორი იყო.  ამის მიუხედავად, სახლში სულ ლექსი მესმოდა, სულ ლიტერატურაზე კამათობდნენ და მსჯელობდნენ.
ბავშვობიდან გიტაცებდათ ქართული პოეზია. რომელი პოეტები გიყვართ? რით იყო განსაკუთრებული სკოლის პერიოდი?
– ქართული პოეზიისადმი სიყვარული მამის დამსახურებაა. მამაჩემი მუდამ გალაკტიონის ლექსებს გვიკითხავდა მე და ჩემს ძმას. მუდამ ლექსები გვესმოდა და 5 წლის ასაკში გალაკტიონის თითქმის ყველა შედევრი ზეპირად ვიცოდი. ლექსებს ადვილად ვიზეპირებდი. ეტყობა ეს ბუნებრივი ნიჭიცაა, მარტო მონდომება და სურვილი საქმეს ვერ უშველის. რაც არ მოგწონს, იმას ვერ ისწავლი. ეს შენი შინაგანი მოთხოვნილებაც უნდა იყოს.
ვიქნები გულახდილი – მამაჩემის პოეზია ყველას მირჩევნია.
განსაკუთრებით მიყვარს – გალაკტიონი, ვაჟა, ბარათაშვილი, ლადო ასათიანი, შოთა ნიშნიანიძე, ოთარ ჭილაძე,  ტარიელ ჭანტურია და მურმან ლებანიძე.
თანამედროვე  ახალგაზრდა  პოეტებიც  მომწონს და ვმეგობრობ კიდეც.
ადრე მეც ვწერდი ლექსებს, მაგრამ მერე რატომღაც მივატოვე.
რაც შეეხება სკოლას, ოქროს მედალზე დავამთავრე, მეათე კლასში ზეპირად ვიცოდი „ვეფხისტყაოსანი“ და განსაკუთრებულიც ეს იყო, ყველა პატივს მცემდა და მასწავლებლებს ძალიან ვუყვარდი. განსაკუთრებული იყო, ასევე, იმ ადამიანებითაც,  რომლებთანაც სკოლაში 12 წელიწადი მქონდა ურთიერთობა. პირველ რიგში, კლასელებს ვგულისხმობ.
საყვარელი ლექსი
– გამიჭირდება ერთი რომელიმე კონკრეტული ლექსის გამორჩევა. უამრავი ლექსი ზეპირად ვიცი და ყველა მიყვარს.  ლექსი თუ არ შემიყვარდა, რატომ ვისწავლი?
არის ლექსები, რომლებიც არ მისწავლია –  თვითონ შემომესწავლა,  აი, ისინი უსაყვარლესები  არიან.
15 წლის ასაკში ზეპირად იცოდივეფხისტყაოსანი“… ძნელი არ იყო მისი შესწავლა? რა მოგწონთვეფხისტყაოსანში“?
– რა თქმა უნდა, რთული იყო ამხელა ნაწარმოების შესწავლა, თუმცა, როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, ეს სირთულე  არ იგრძნობა.
„ვეფხისტყაოსანი“ შუა საუკუნეებისა და რენესანსის ეპოქის ერთ – ერთი უდიდესი ლიტერატურული ძეგლია. რა მომწონს მასში, ორი სიტყვით ვერ ვიტყვი. ჩემი აწინდელი ამოცანა მისი სიღრმისეული შესწავლაა. მინდა, რუსთველოლოგიაში ჩემი სიტყვა მეთქმოდეს. ვნახოთ, რა იქნება!
ფილოლოგობაც, ალბათ, მწერლობისადმი დიდმა სიყვარულმა გადაგაწყვეტინათ
– დიახ, რა თქმა უნდა.  ფილოლოგია არის დაუსრულებელი ფიქრი მარადიულ ფასეულობებზე. ეს ის სფეროა, სადაც თავს ყველაზე კარგად და საჭიროდ ვგრძნობ.
სტუდენტობის პერიოდი
– სტუდენტობა თავისთავად საინტერესოა. ეს, ალბათ, საუკეთესო წლებია შენი ცხოვრებისა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სხვა გარემოა.  აქ უაღრესად განათლებული პროფესორ – მასწავლებლები და სტუდენტები არიან. ბევრი რამ ვისწავლე, ბევრ რამეს სხვა თვალით შევხედე.
საინტერესო და ცოტა სასაცილოც ის იყო, რომ ჩემს სპეციალობაზე (ინგლისური ფილოლოგია) მხოლოდ ერთი ბიჭი ვიყავი და 150-მდე გოგო სწავლობდა. ალბათ, ბევრი ინატრებდა ჩემს ბედს.
უნივერსიტეტი ინგლისური ენისა და ლიტერატურის სპეციალობით დაამთავრეთრატომ?
– შეკითხვის ქვეტექსტს მიგიხვდით.  აკი მოგახსენეთ, მამაჩემი ინჟინერ – მექანიკოსია და კარგი პოეტია – მეთქი. პოეტის გარდა, ძალიან მაღალი ლიტერატურული გემოვნება აქვს. ასე ვფიქრობ, რომ  იცნობდე ქართულ მწერლობას, სიღრმისეულად იცოდე „ვეფხისტყაოსანი“, არაა აუცილებელი, იყო ქართული ლიტერატურის სპეციალისტი.
მთავარია, გიყვარდეს საქმე და გქონდეს ნიჭი. ინგლისური ენისა და ლიტერატურის ცოდნა, ამ მხრივ, მხოლოდ მასშტაბებს გიფართოებს. ინგლისური ენის  ცოდნა მეტ საშუალებას გაძლევს,  იცნობდე მსოფლიო ლიტერატურას,  დედანში კითხულობდე  შექსპირს, უიტმენსა და სხვა დიდ მწერლებს. ხუმრობით ვიტყვი – იქნებ არ არიან ისინი მთლად ჩვენებურებივით ბუმბერაზები.
 – რას აპირებთ სამომავლოდ?
– 22  წლის ვარ, ახლა ყველაფერს მივედ-მოვედები, ჯერ  მაგისტრატურას დავამთავრებ, მერე რაღაც გამოიკვეთება და იმ გზას დავადგები. ახლა ყველაფერი ერთად მინდა, მაგრამ ასე სადაა!

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები