გიორგი მღებრიშვილი: ბორჯომის ხეობაში ტორფი იწვის, არის დაკვამლიანება, საგანგაშო არაფერია

„ბორჯომის ხეობაში ტორფი იწვის, არის დაკვამლიანება, საგანგაშო არაფერია”, – ამის შესახებ შს მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, ბორჯომის ხეობაში ღია ცეცხლის კერები არ არის. როგორც გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ბორჯომის ხეობაში არიან და ცალკეული კერების დამუშავებას ისევ განაგრძობენ.
“მინდა, სიცხადე შევიტანო ამ საკითხებში. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს ობიექტური ინფორმაცია. ჩვენ ზონაში ვრჩებით, რათა ნიადაგი დავამუშაოთ, ნიადაგი არის ტორფინი, არის ნახანძრალი. ცოცხალი ძალა ზონაში რჩება, თუკი სადმე დაკვამლიანებას შევნიშნავთ, უნდა დავამუშაოთ. ღია ცეცხლი კერა არ გვაქვს. საფრთხე იმისა, რომ სადმე ღია კერა გაჩნდეს, არ არსებობს, რადგან მთელ ტყეში ყველაზე სარისკო ადგილებში იმყოფება ჩვენი ცოცხალი ძალა, ასე რომ, პანიკის საფუძველი არ არის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ სწორედ იმიტომ ვრჩებით, რომ დავამუშაოთ. ტორფი იწვის, არის დაკვამლიანება, საგანგაშო არაფერია”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, მიუდგომელი ადგილები პრაქტიკულად არ არსებობს, ყველა ადგილზე ცოცხალი ძალა მუშაობს.
“არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც ჩვენ ფეხით ვერ მივდიოდეთ. საფრთხე იმისა, რომ ღია ცეცხლი იყოს და მისი ლოკალიზება, ან ლიკვიდაცია ვერ მოვახდინოთ, არ არის. იწვის ტორფი, არის დაკვამლიანება”, – აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ტერიტორიაზე ვერტმფრენების სამუშაო აღარ არის, მხოლოდ ცოცხალი ძალის გასაკეთებელი საქმე დარჩა. “ცოცხალი ძალის საქმეს ეფექტურად უმკლავდებიან თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ხანძრის კიდევ ერთი კერა გაჩნდა, ამჯერად ცეცხლი ბალახის მცირე ნაწილს წაეკიდა, რომელიც მეხანძრეებმა ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ადგილზე სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული და ნიადაგის დამუშავება მიმდინარეობს. ამ დროისთვის ბორჯომის ხეობაში შს სამინისტროს 300 -მდე თანამშრომელი რჩება. იგივე რაოდენობის თანამშრომლები ჰყავს სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს, ასევე, ადგილზე მუშაობენ ეროვნული სატყეო სააგენტოს ადგილობრივი თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები