„დაუვიწყარი წუთები იყო“… – როგორ მოქარგა ქეთევან მიქაძემ პატრიარქის მიერ დაწერილი წმინდა სამების ხატი

იგი გალერეა „შავ ლომში“ პოეტმა და ლიტერატორმა ქეთევან შენგელიამ გამაცნო. მანამდე დამირეკა და გამოფენაზე მიმიწვია, თან დაამატა, მინდა, რომ ქეთევან მიქაძის მშვენიერი ნაქარგები ნახოო…
მართლაც, იმ დღეს გავიცანი ქალბატონი ქეთევანი, ფერადოვანი ულამაზესი ნაქარგებით. მერე მის ბინაშიც შევხვდი…
ყაზბეგის გამზირზე, ძველ სახლში ცხოვრობს, აქ გაიარა მისმა ბავშვობამ. მამა მშენებელი იყო, დედა – დიასახლისი.

– ამ სახლში ვცხოვრობდი, ბავშვობის სახლია, აქვე დავიბადე… თუმცა მიქაძეები აბაშიდან, სოფელ მაიდნიდან არიან, იქიდან წამოსულა მამაც… ხელსაქმე და ქსოვა ბავშვობიდან მეხერხებოდა, მაგრამ ქარგვა გვიან დავიწყე“… – მეუბნება და ოთახში გამოფენილ ნამუშევრებს მათვალიერებინებს.

ოთახში ძველებური კედლის ინტერიერი მამის დიზაინით არის გაფორმებული, რაც თავისებურ სითბოს და სიმყუდროვეს ტოვებს…
მამისგან ხელოვნების ნიჭი გენეტიკურად დაჰყვა… და ახლა, სახლის კედლები მის მიერ მოქარგულ ფერთა ულამაზესი გამით შემოსილა.
ყველაფერი კი დაიწყო იქიდან, როცა ერთ დღეს შვილთან ერთად რუსთაველზე მიდიოდა და აფიშა დაინახეს, რომელიც ნაქარგების გამოფენაზე იწვევდა მსურველებს… ასე შემთხვევით მოხვდნენ ლიტერატურის მუზეუმში, გამოფენაზე, სადაც მხატვარი დოდო ნემსაძე გაიცნეს. სწორედ მან შესთავაზათ ქარგვის ქარგვის ხელოვნების დაუფლება.

– ჯერ ჩემმა შვილმა დაიწყო ქარგვის შესწავლა, მერე მეც დამაინტერესა… ისე კი, განათლებით მუსიკის მცოდნე ვარ, მეორე მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე და ქარგვასთან არასდროს მქონია შეხება…
– ანუ ამ ერთმა შემთხვევამ გადაწყვიტა თქვენი ბედი?
– ასე გამოდის, ქარგვა 2000 წლიდან დავიწყე… პირველად წმინდა მამა მოვქარგე… გაკვეთილზე ვიჯექი, სტუდენტი გოგონა მოვიდა და მოიტანა ნაქარგი, სოკოზე ჭიამაია იჯდა. რომ დავხედე, ვიფიქრე, ამას ვერასდროს ვერ გავაკეთებ- მეთქი.
მაგრამ მერე აზრი შევიცვალე, რომ თუ მოვინდომებდი, მეც შევძლებდი. ასეც მოხდა, პირველად წმინდა მამა ამოვქარგე… მერე  მივყევი, ნელ-ნელა ხელი შემეჩვია და ახლა თავისუფლად ვქარგავ…

შვილიშვილები – ელენე და თეკლა

ძირითადად, ხატებს ქარგავს, მულინის და აბრეშუმის ძაფებს იყენებს. თითოეული ნამუშევრის მოქარგვას კი 6 თვეს ანდომებს.
შარშანწინ სოფელ მაიდანში ახალი ტაძარი ააშენეს. ივერიის ღვთისმშობელი მოქარგა და შეწირა, ახლა ამ ტაძრისთვის გარდამოხსნის ქარგვა დაიწყო. გარდამოხსნა ზემო ბეთლემის ღვთისმშობლის ეკლესიასაც შესწირა. ბორჯომში, მწვანე მონასტერში მისი მოქარგული ღვთისმშობელია დაბრძანებული, ვარკეთილში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიისთვის წმინდა გიორგის ხატი მოქარგა. ქობულეთის ახალ ტაძარშიც მისი  წმინდა გიორგია დაბრძანებული…

– რომ დავინახავ ხატს და მომეწონება, მაშინვე ვიწყებ ქარგვას, ოღონდ უნდა მომეწონოს, შთაგონებისთვის სხვა არაფერი მჭირდება…
დოდო ნემსაძესთან, ძირითადად, ხატებს ვქარგავთ. იგი თბილისში ცხოვრობს და წარმოშობით ქობულეთიდანაა. არაჩვეულებრივი ქალბატონია, უკვე დიდი ხანია, ვმეგობრობთ. აგვისტოს ბოლოს ქობულეთის კულტურის სახლში მისი საიუბილეო, 80 წლის აღსანიშნავი საღამო ტარდება. ამ დღისთვის ქობულეთში 4 ნამუშევარი მიმაქვს.

ამბობს, რომ ქარგვა შრომატევადია, დიდი ნებისყოფა უნდა, სამაგიეროდ, მოგვიანებით მიღებული შედეგი ბედნიერებაა…
მისი ცხოვრების დასამახსოვრებელი წუთები იყო, როცა პატრიარქს მიართვა მის მიერ დაწერილი წმინდა სამების ხატის ნაქარგი… ახლა ეს ხატი დიდი სამების საკურთხეველშია დაბრძანებული. 
– ახლოს რომ მივედი და უთხრეს, ეს ის ქალბატონია, ხატი რომ მოგართვათო, წამიერად თითქოს ნაპერწკლები დავინახე თვალებში, ისე გაუბრწყინდა, დაუვიწყარი წუთები იყო. მერე ზეთი მცხო, დამლოცა… იქ, სამებაში, პირდაპირ ჯვარი გადამსახა…
რამდენი ხატიც ტაძარს შევწირე, იმდენჯერ პატრიარქი გამომეცხადა სიზმარში, და ეს ალბათ, შემთხვევითი არ არის…
ხანდახან იმდენი პრობლემა გროვდება, ფინანსურიც და სხვაც… ჩემ გარშემო გამოუვალი მდგომარეობა იქმნება და უცებ ისეთი წარმოუდგენელი რამ მოხდება… დაუჯერებელი…
მაგალითად, დიდგორის ახალი ტაძრისთვის გარდამოხსნას ვქარგავთ სააღდგომოდ, მე მისი ერთი ნაწილი – ღვთისმშობელი მოვქარგე. როგორც კი დავიწყე ქარგვა, სულ მალე, ერთ კვირაში სამი შეკვეთა ერთდროულად მომივიდა!
ბორჯომში ახლობლებთან ჩავდივარ ხოლმე, ერთხელ შობაზე, მწვანე მონასტერში წამიყვანეს. ისეთი სილამაზე ვნახე და ისეთი ნასიამოვნები წამოვედი, მალევე მოვქარგე ხატი, მეორე წელს მარიამობაზე ჩემს შვილიშვილს ელენეს მოვკიდე ხელი და ისევ ჩავედი ბორჯომში. ეს ხატი შევწირე მწვანე მონასტერს… ასე დავდივართ ბებია და შვილიშვილი, წავალთ, შევწირავთ და წამოვალთ. მერე დიდხანს მომყვება სითბო და დალოცვა… ამით ვცოცხლობ, სანამ მეორე ტაძარში წავიდოდე…
მწვანე მონასტრისთვის შეწირული ღვთისმშობელი ოთხ თვეში მოვქარგე, არ ვიცი, ამიჩქარდა ხელი… ეს ჩემი ნება არ არის…
– სულ რამდენი ნამუშევარი მოქარგეთ და როდის მუშაობთ?

ქეთევან შენგელია და ქეთევან მიქაძე

– ალბათ 80-90 და აქედან ბევრი გავაჩუქე. ჩემს ქმარს გულის ოპერაცია რომ გაუკეთეს, ერთმა მეგობარმა დაგვაფინანსა, მასაც ღვთისმშობელი მოვუქარგე და ვაჩუქე…
უკვე ისე მივეჩვიე ქარგვას, გადაუდებელი საქმე უნდა მქონდეს, რომ იმ დღეს არაფერი გავაკეთო. თითქმის ყოველდღე ვმუშაობ… სიწყნარეში მიყვარს მუშაობა, დილით, როგორც კი ინათებს, ვდგები, გავდივარ სამზარეულოში, როცა ყველას სძინავს, თან სადილს ან საუზმეს ვამზადებ… სანამ ადგებიან და ახმაურდებიან, იქამდე ვქარგავ…
მიყვარს მუსიკის ფონზე მუშაობა, უფრო მეტად ქართული მუსიკა მიყვარს, კლასიკური მელოდიებსაც ვუსმენ ქარგვისას…

კედლები ქალბატონი ქეთინოს ნაქარგებით არის დაფარულია… შობა, ნათლისღება, „სამება“, იესო და ღვთისმშობელი… ხატებთან ერთად ოთახში ნატურმორტები და პეპლები, იკებანას ხელოვნების ნიმუშები მოგტაცებთ თვალს… აქ არის მე-17 საუკუნის ჰოლანდიელი მხატვრობის ორი ნაქარგი, „ნატურმორტი“ და ულამაზის ფერებში გადაწყვეტილი ყვავილები. მოქარგული იები ლენტებით… ფერებიდან მზისფერი, ბორდო, ლურჯი უყვარს…
აგერ თოჯინებიც… გოგონა და მეორე – კომბლე… ჯერჯერობით მხოლოდ ეს ორი თოჯინა გამოუძერწავს…
მრავალი ერთობლივი გამოფენა ჰქონდა მხატვრებთან ერთად. შეკვეთებიც აქვს საზღვარგარეთიდან.
ქეთევან მაისურაძის ორი შვილს ხელოვნების ნიჭი დაჰყვა. მარიკა მაისურაძე ქარგავს, მარიკა ეთნოლოგია და უნივერსიტეტიდან მოყოლებული მთელი საქართველო ფეხით შემოიარა. ახლა იტალიაში მოგზაურობს, 60 ქალაქი მოინახულა,
მეორე შვილი – მარი დიზაინერია და ხატავს.
უფროსი ვაჟი თორნიკე სპორტს მისდევს. მეუღლე ზურაბ მაისურაძე არის საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი ფეხბურთში.
2 შვილიშვილით ამაყობს – ელენე მეფარიშვილი მე-8 კლასელია, თეკლა მაისურაძე 3 წლის ხდება. ელენესაც დაჰყვა ქარგვის ნიჭი. „შავ ლომში“ გამართულ ქეთევან მიქაძის პერსონალური გამოფენაზე შვილის – მარიკას და ელენეს რამდენიმე ნამუშევარიც გამოიფინა. ასე ვთქვათ, იმ დღეს ოჯახური გამოფენაც მოეწყო…

ელენე ახვლედიანის „ძველი თბილისი“ – შვილის, მარიკა მაისურაძის ნაქარგი

– ქართველი მწერლები მიყვარს სუყველა, – მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, ლადო ასათაიანი, ანა კალანდაძე“…
– ლექსები თუ ამოგიქარგავთ?
– ქეთი შენგელიას ამოვუქარგე მისივე ლექსი და ვაჩუქე. სხვათა შორის, ჩემმა შვილმა მარიკამ მოქარგა თემურ ჩალაბაშვილის ლექსი შუშანიკ დედოფალზე, რომელიც დაბრძანებულია მეტეხის ტაძარში. ხოლო სამების ახალგაზრდულ ცენტრში გამართულ მის იუბილეზე მოქარგული ლექსი აჩუქა.
თბილისში კვირიკეს და ივლიტას სახელობის ტაძარში დავდივარ. ჩაფიქრებული მაქვს, მანდაც უნდა შევწირო ჩემი მოქარგული ხატი.

თამარ შაიშმელაშვილი

  

 
 
 
 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები