სასამართლომ გერმანიაში ჩადენილი მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და ყაჩაღობისთვის ბრალდებული, საქართველოს მოქალაქე გ.ჩ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ , მეორე ნაწილის „ე“, მესამე ნაწილის „გ“ და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2013 წლის 23 ივნისს, ღამით, საქართველოს მოქალაქეები – გ.ჩ და ნ.ძ. გერმანიაში ქალაქ ნიურნბერგში, ქურდობის მიზნით აივნიდან 85 წლის ა.მ.-ს საცხოვრებელ ბინაში შეიპარნენ, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაეღვიძა და თავდამსხმელებისათვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა. დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით გ.ჩ.-მ და ნ.ძ.-მ ბინის მეპატრონეს ხელ-ფეხი ელექტრო სადენებით შეუკრეს, თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს, შემდეგ კი თავზე საბანი და ხალიჩა დააფარეს, 2500 ევროდ ღირებული მაჯის საათი გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული დაზიანებების და სასუნთქი გზების გადაკეტვის (გაგუდვის) შედეგად ა.მ. ადგილზე გარდაიცვალა.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენისთვის გ.ჩ-ს თანამზრახველი ნ.ძ. ნიურნბერგ-ფიურტის მიწის სასამართლოს მიერ იქნა გასამართლებული და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო ბრალდებული საქართველოში დაბრუნდა.
ქართველმა სამართალდამცველებმა გ.ჩ. 2016 წლის 19 ნოემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ მეორე ნაწილის „ე“, მესამე ნაწილის „გ“ (მკვლელობა ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯგუფურად და ანგარებით) და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად და ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გ.ჩ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.