სასამართლომ განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისათვის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარებისთვის, წარსულში ნასამართლევი რ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-მუხლით, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით.
მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ. გორში, წარსულში განზრახ დანაშაულებისთვის ნასამართლევმა რ.გ.-მ შურისძიების მიზნით, „ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა და ატარებდა, რამდენჯერმე ესროლა გ.გ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობების შედეგად,  გ.გ. ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა რ.გ. 2017 წლის 9 ივნისს ქ.ბათუმში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა.
გორის რაიონულმა სასამართლომ რ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები