„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის წარმატებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში“

“აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის წარმატებას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში”, – ამის შესახებ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
ბერაიას თქმით, ანგარიშში ასახული შეფასებები, ეფექტიანი უწყებათშორისი კოორდინაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგია.
„ტერორიზმთან ბრძოლაში წამყვანი როლი სუს-ს აკისრია და ამ მიმართულებით, უწყების უმთავრესი ამოცანა საქართველოს მიმართ ტერორისტული რისკების შემცირება, ჩვენი ქვეყნის, მისი ინტერესებისა და მოქალაქეების ტერორისტული საქმიანობის ყველა ფორმისგან დაცვაა. სწორედ ამ ამოცანას ემსახურება ჩვენი ქვეყნის მიერ გატარებული ღონისძიებები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ტერორისტულ საქმიანობაში ჩართულობის პრევენცია, “რადიკალიზების” გზაზე მდგარ პირთა ინდენტიფიცირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ტერორისტულ დანაშაულში ბრალდებულთა პასუხისგებაში მიცემა, ტერორისტული საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და განეიტრალება, ტერორისტულ საფრთხეებზე მზადყოფნის და შესაბამისი უწყებების რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესება, მათი წვრთნისა და აღჭურვის გზით“,- განაცხადა ბერაიამ.
მისივე თქმით, საერთაშორისო გამოცდილებისა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობით, დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზაც. დასჯადი გახდა საერთაშორისო ტერორიზმში მონაწილეობა, ტერორისტული ორგანიზაციის წევრობისა და ტერორისტული საქმიანობისთვის გადაბირება, ტერორისტული მიზნით გამგზავრება და გამგზავრების მცდელობა.
„განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს მეზობელ და სხვა სახელმწიფოებთან ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები, ისევე, როგორც საქართველოს უდიდესი კონტრიბუცია ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში (ავღანეთში) და “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ კოალიციაში, რაც საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხეების მათი წარმოშობის კერაშივე აღკვეთას ემსახურება. სწორედ აღნიშნული მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯები განაპირობებს საქართველოს პროგრესს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და იმსახურებს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალ შეფასებას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები