კონგოში ებოლას ვირუსის ახალმა აფეთქებამ 65 ადამიანი იმსხვერპლა
აფრიკის წამყვანმა ჯანდაცვის სააგენტომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ იტურის პროვინციაში ებოლას აფეთქების შესახებ განაცხადა,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის აფრიკის ცენტრების (Africa CDC) ცნობით, დაახლოებით, 246 შემთხვევა და 65 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა, ძირითადად ოქროს მომპოვებელ ქალაქებში, მონგვალუსა და რუამპარაში.
ეს შემთხვევა ქვეყანაში ამ სასიკვდილო ვირუსული დაავადების მე-17 აფეთქებაა.
სპეციალისტები ამ ეტაპზე იკვლევენ ინფექციის გენეტიკურ ტიპს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა საქმე ვირუსის განსხვავებულ შტამთან ჰქონდეთ.
ებოლა პირველად 1976 წელს, დღევანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და ვარაუდობენ, რომ ის ღამურებიდან გავრცელდა.