რატი იონათამიშვილი: რაც უფრო მოახლოვდება 26 მაისი, აგონია მით უფრო გაიზრდება რადიკალურ ოპოზიციაში
“რაც უფრო მოახლოვდება 26 მაისი, აგონია მით უფრო გაიზრდება რადიკალურ ოპოზიციაში,”- ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტობრივად, ოპოზიცია უკვე აღიარებს, რომ 26 მაისის დაანონსებული აქცია ჩავარდა.
„რაც უფრო მოახლოვდება 26 მაისი, აგონიაც და პანიკაც მით უფრო გაიზრდება რადიკალურ ოპოზიციაში. შესაბამისად, მათ კარგად იციან, რომ ქართულ საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა არ გააჩნიათ და ისევ გარეთ ეძებენ გარკვეულ ინსტრუმენტებს, საშუალებებს, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი დააზიანონ. რა თქმა უნდა, ამაში მათ საკუთარი პატრონების იმედი აქვთ ყველაზე მეტად.
მაგრამ საქართველოში თუ გინდა რაიმეს მიღწევა, პირველ რიგში ქართველი ხალხის იმედი უნდა გქონდეს. პატრონების იმედი იმას ნიშნავს, რომ თავისუფალი ადამიანი არ ხარ, სხვაზე ხარ დამოკიდებული და ნებისმიერი ის ადამიანი არის უსამშობლო, რომელიც საკუთარ ხალხზე კი არა, უცხოელ პატრონებზეა დამოკიდებული და პოლიტიკაში რაღაცის მიღწევა სურს. აი, ასეთი პალიტრა არსებობს რადიკალურ ოპოზიციაში და მათ მხოლოდ ის აინტერესებთ, ვინ უფრო ასიამოვნებს საკუთარ დამკვეთს, უცხოელ პატრონებს. რა თქმა უნდა, უსამშობლო ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, რომ ის ქვეყანა დააზიანონ, საიდანაც ისინი წარმოშობით არიან, მაგრამ საბოლოო ჯამში რა შედეგსაც მიიღებენ, ამას ფაქტობრივად, ყოველდღიურად ვუყურებთ, რა მძიმე და სავალალო მდგომარეობაში არიან ისინი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.