“აშშ-ს დეპარტამენტის ანგარიშში უმნიშვნელოვანესი აღიარება აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს“
“სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში უმნიშვნელოვანესი აღიარება აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, როგორც საქართველოს წამყვან უწყებას ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ტერორიზმის შესახებ ანგარიშში მკაფიოდ არის ხაზგასმული, რომ საქართველოს შესწევს უნარი, გამოავლინოს, აღკვეთოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის საფრთხეებზე,
“ანგარიშში უმნიშვნელოვანესი აღიარება აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, როგორც საქართველოს წამყვან უწყებას ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს სამსახური არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული. დადებითად შეფასდა სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების მიზნით. დოკუმენტში განსაკუთრებით ხაზგასმულია, რომ, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით, მნიშვნელოვნად გაძლიერდა საქართველოს სანაპირო დაცვა, რაც, თავის მხრივ, განამტკიცებს საქართველოს მთავრობის შესაძლებლობებს, აღკვეთოს მასობრივი განადგურების იარაღის უკანონო ბრუნვა. ამ ანგარიშით, როგორც მაღალი მნიშვნელობის დოკუმენტით, კიდევ ერთხელ ესმება ხაზი ჩვენი ხელისუფლების ეფექტურ ძალისხმევას უსაფრთხოების უზრუნველყოფის და პროგრესის მიღწევის საქმეში და რომ საქართველო სწორი პოლიტიკისა და სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, თანმიმდევრულად აგრძელებს საკუთარი წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.