ნინო ჯავახაძე აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწეს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დენ მალენის შეხვდა

18 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე შეხვდა აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწეს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, დენ მალენის. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ „აწარმოე საქართველოს“ დირექტორი მარიანა მორგოშია და ინოვაციებისა და

ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ზვიადაძე.
ტექნოპარკში გამართულ შეხვედრაზე, ნინო ჯავახაძემ მალენს დეტალურად გააცნო ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარებისა და მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდასაჭერად განხორციელებული ღონისძიებები, ასევე, ის სერვისები, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სამეწარმეო საქმიანობით დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ არსებული საინვესტიციო გარემო და შესაძლებლობები, რომელსაც მთავრობა კერძო სექტორს სთავაზობს. კერძოდ, საუბარი შეეხო „აწარმოე საქართველოს“ მიერ განხორციელებულ პროგრამებს და იმ სერვისებს, რომელიც საქართველოში კომპანიების ინოვაციური საქმიანობის წახალისების კუთხით ხორციელდება,“ – განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი ზვიადაძის ინფორმაციით, სააგენტო ყველაფერს აკეთებს, რათა დამწყებმა მეწარმეებმა ინფორმაცია მსოფლიოში ცნობილი ექსპერტებისგან პირადად მიიღონ.

„ჩვენი სურვილია, რომ ქართველმა სტარტაპერებმა გაიკვლიონ გზა ამერიკისკენ. კონსულტანტებისა და მენტორების დახმარებით, ამის მიღწევა მით უფრო შესაძლებელი გახდება, რაც უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ მათთან“.

დენ მალენი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწეა, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის ბრიუსელის ოფისში. ის ამუშავებს, კოორდინაციას უწევს და ახორციელებს აშშ-ის სავაჭრო პოლიტიკას ევროკავშირის და ევროპის სხვა სავაჭრო პარტნიორების, ევრაზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მიმართულებით.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები