ეკატერინე სირაძე – დელონე: 2016 წლის მონაცემებთან შედარებით, საფრანგეთში თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა გაზრდილია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთში, ეკატერინე სირაძე – დელონემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საფრანგეთის საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა 12 ადამიანს არ მისცეს. ელჩის შეფასებით, მაჩვენებელი ამ ეტაპზე საგანგაშო არ არის.
„მაგრამ, როდესაც თვითონ ზრდის მაჩვენებელს ვადარებთ 2016 წლის მონაცემებს იგივე პერიოდში, კატასტროფულად არის გაზრდილი, თუმცა ჩვენ ფრანგ კოლეგებთან ერთად, გადავწყვიტეთ, რომ დავაკვირდეთ ამ პროცესს. შეიძლება, ეს იყო მხოლოდ 2 თვის მაჩვენებელი, ორი თვის შემდეგ, იკლოს ამ ციფრმა და უფრო გრძელ ვადაში მოხდეს ამ ციფრის შედარება, განხილვა და ანალიზი”, – განაცხადა ეკა სირაძე-დელონემ.
ქვეყანაში შესვლაზე საბაჟოზე საქართველოს მოქალაქეებისთვის უარის თქმის სტატისტიკასთან დაკავშირებით, ელჩმა აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი მცირეა.
„როდესაც მესაზღვრე უარს ამბობს, მას არ აქვს ვალდებულება, დაასაბუთოს, კონკრეტულად რატომ ამბობს უარს. შესაბამისად, მე მაქვს სტატისტიკა, თუმცა, სამწუხაროდ, ვერაფერს გეტყვით იმაზე, რატომ ეთქვათ უარი კონკრეტულ პიროვნებებს ქვეყანაში შესვლაზე. ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვმუშაობთ საფრანგეთის მიგრაციის სამსახურთან. მათთან მქონდა შეხვედრა და მაქვს ორი თვის სტატისტიკა, 2017 წლის აპრილისა და მაისის. ეს სტატისტიკა შედარებულია შარშანდელ – 2016 წლის აპრილი-მაისის სტატისტიკასთან. შემიძლია გითხრათ, რომ საფრანგეთის საზღვრიდან გამობრუნებულია, ანუ არ მისცეს შესაძლებლობა 12 ადამიანს, საზღვარი გადაეკვეთა. მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ საფრანგეთის საზღვარი არ არის პირველადი გადაკვეთის საზღვარი და მე მგონია, რომ სწორედ ამიტომაც არის ეს რაოდენობა ასეთი დაბალი”, – განაცხადა სირაძე-დელონემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები