„პოლიტპატიმრებთან – ბახვა სტურუასა და ბექა პეტრიაშვილთან მიმართებაში, ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას“

„პროკურატურის მიერ ახალი გამოძიების ჩატარების შემდეგ, დადასტურდა, რომ პოლიტპატიმრებთან – ბახვა სტურუასა და ბექა პეტრიაშვილთან მიმართებაში, ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას“, – ამის შესახებ პროკურატურის წარმომადგენელმა, კოკა კაციტაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, იმ პირების საქმეებში, რომელთა გადასინჯვის გადაწყვეტილებაც პროკურატურამ მიიღო, სამართალდამცველი უწყებების მაშინდელი მაღალი თანამდებობების პირები ფიგურირებენ. მისივე თქმით, ამ საქმეებთან დაკავშირებით, დადგება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი, ეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გახდება ცნობილი.
„პროკურატურის მიერ ახალი გამოძიების ჩატარების შემდეგ, დადასტურდა, რომ პოლიტპატიმრებთან – ბახვა სტურუასა და ბექა პეტრიაშვილთან მიმართებაში, ადგილი ჰქონდა პოლიტიკურ დევნას. კერძოდ, 2011 წელს ბახვა სტურუა, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიის აქტიური მხარდამჭერი იყო, შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს და ჩაუდეს ნარკოტიკული საშუალება „სუბოტექსი“. რაც შეეხება ბექა პეტრიაშვილს, რომელიც იყო ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, სახლში დაბრუნებულს, 2011 წლის ივლისის თვეში, მოუწყეს ხულიგნობის ინსცენირება, თითქოს არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციის თანამშრომლებს. ამ ფაქტის გამო, მას მიუსაჯეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მესამე მოქალაქე, რომლის მიმართ გამოტანილი განაჩენი გადაისინჯება, არის ვასილ კვერნაძე, რომელსაც ედავებოდნენ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, თითქოს, ბრალდებულის ოჯახში ჩხრეკის ჩატარებისას, მიითვისა დიდი ოდენობით ფულადი თანხები. ახალი გამოძიებით კი სრულად დადასტურდა მისი უდანაშაულობა. ჩვენ სამივე მოქალაქესთან მიმართებაში მივმართავთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენების გადასინჯვის მოთხოვნით. რაც შეეხება ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხს, ამ ეტაპზე, ჩვენ მიღებული გვაქვს დადგენილება ამ სამი პირის უფლებების დარღვევის თაობაზე, რაც არის საფუძველი, რომ მივმართოთ სააპელაციო სასამართლოს. ჩვენ დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვახდენთ რეაგირებას იმ საჯარო პირების მიმართ, რომლებიც ფიგურირებენ აღნიშნულ დანაშაულებში. ისინი არიან მაშინდელი სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენლები, მაღალი თანამდებობის პირები, რომელთა დავალებითა და შეკვეთით ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების ჩადება და მათ შორის ხულიგნობის ინსცენირებაც“, – განაცხადა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები