კახა კახიშვილი პროკურატურას მიმართავს და მოითხოვს, ბაჯელიძის წინააღმდეგ ცრუ დასმენისთვის გამოძიება დაიწყოს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელს გიორგი ბაჯელიძის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს აპირებს. ამასთან, მინისტრი პროკურატურას მოუწოდებს, რომ გიორგი ბაჯელიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს.
როგორც კახიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განმარტა, გიორგი ბაჯელიძე სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებს.
კახა კახიშვილი პრესკონფერენციაზე გიორგი ბაჯელიძის იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გამართულ ტენდერებს ეხებოდა.
„საუბარი იყო იმაზე, რომ 3 კომპანიას გამარტივებული წესით გავუფორმეთ ხელშეკრულება. ყველასთვის კარგადაა, ცნობილი, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროს პრიორიტეტია პატიმრების დასაქმება, ისევე, როგორც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ბიზნეს წახალისებები კეთდება იმისთვის, რომ ბიზნესმა გახსნას და საწარმოებში დაასაქმოს პატიმრები.
ეს არის ევროკავშირის რეკომენდაციები სასჯელაღსრულების უწყებისთვის, რათა მოხდეს ბიზნესის ინტერესების დაცვა, რომ რაც შეიძლება მეტი საწარმო გაიხსნას სამინისტროში და პატიმრები დასაქმდნენ.
ზუსტად ამ მიზნით გამოცხადდა ღია კონკურესები და არა დახურული, როგორც ამ განცხადების ზოგზოგიერთი ავტორი იყო მიჩვეული თავის დროზე, როდესაც მუშაობდა შესყიდვებში და კონვერტებით უგზავნიდა წინადადებებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე იყო წინადადებები გამოქვეყნებული კონკურესთან დაკავშირებით. ყველა ის კომპანია, რომელიც შემოვიდა, იხდის გადასახადებს ჩვენს დაწესებულებებში მიწით სარგებლობისთვის, ვალდებულებებში აქვს ინვესტიციების ჩადება, მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიას ჩადებული აქვს 300 000 ლარი და ასევე პატიმრების დასაქმება.
საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ სასჯელღასრულების სამინისტროში კვებას კომპანია „ნილი“ უზრუნველყოფს, რომელსაც „ქართულ ოცნებაში“ 120 000 ლარი აქვს გადარიცხული, რაც დეზინფორმაციაა.
„კომპანია „ნილს“ ერთი დღეც არ ჰქონია სასჯელასღსრულების სამინისტროში კვების ტენდერთან შეხება. კომპანია „ნილი“ 30 დეკემბერს ტენდერში მონაწილეობდა, მაგრამ მან ტენდერი წააგო და ამის შემდეგ აღნიშნულ კომპნიასთან სამინისტროს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია“, – განაცხადა კახიშვილმა.
კახიშვილის განცხადებით, ბაჯელიძე კიდევ ერთი საკითხს ეხებოდა, კერძოდ ორგანზიაცია „ქალი და ბიზნესი“, თითქოს აღნიშნული ორგანიზაცია დაახლოებულია სამინისტროსთან და უწყება მისგან ბალიშებსა და ლეიბებს გამარტივებული წესით ყიდულობს.
„აღნიშნულმა ორგანიზაციამ ევროკავშირის გრანტით შეიძინა სპეციალური ხელსაწყოები და ქალთა დაწესებულებაში შექმნეს სამკერვალო ფაბრიკა, სადაც ქალბატონებს კერვა ასწავლეს და ისინი ევროკავშირის გრანტით ფინანსებოდნენ. მას შემდეგ, როდესაც გრანტის ვადა გავიდა, ეს საწარმო ადგილზე დარჩა, ბუნებრივია, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ მონაწილეობა მიეღოთ ციხის ტენდერებში. სამინისტროს გვაქვს მთავრობისგან ნებართვა, რომ პირდაპირი წესით შევისყიდოთ ციხეში დამზადებული პროდუქცია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ფასი საბითუმოს არ აღემატება, თუმცა, ასევე იყო შემთხვევები, როცა ჩვენ მათგან ვერ შევისყიდეთ პროდუქცია, ვინაიდან მათი ფასი იყო უფრო მაღალი.
მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა აუცილებლად დასრულდება გიორგი ბაჯელიძის სასამართლოში გამოცხადებით.
ჩვენ ხვალ ვგეგმავთ, რომ სარჩელი შევიტანოთ მისი და მისი ორგანიზაციის წინააღმდეგ. ვინაიდან გაკეთდა განცხადება კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით, მივმართავ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე, გამოიძახონ ბატონი ბაჯელიძე მოწმის სახით, გააფრთხილონ ცრუ დასმენაზე პასუხისმგებლობის შესახებ და თუ მისი განცხადებები არ დასრულდება ბრალის დადასტურებით, მაშინ მას მოუწევს ბრალის აღიარება. სხვათა შორის, სანქცია არის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და იმედს ვიტოვებ, რომ ზოგიერთი ამის შემდეგ გამოსწორდება“, – განაცხადა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები