ბოლნისში ახალი საბავშვო მოედანი გაიხსნა

გერმანელი არქიტექტორის, იორგ შულცეს პროექტის, ,,მხიარული ქოხის” მიხედვით დაგეგმილი ახალი საბავშვო მოედანი ბოლნისში საზეიმოდ გაიხსნა. წითელი ლენტი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, დავით შერაზადიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილესთან, ზაურ დარგალთან, გერმანიის საელჩოს ატაშესთან, კულტურის, პრესისა და პოლიტიკის საკითხებში, კრისტოფერ ფრონცეკთან და გერმანული ფონის ,,ებერჰარდ შიოკის” აღმასრულებელ დირექტორთან, პეტერ მიოლერთან ერთად გაჭრა. მხიარული ქოხის გასხნას პატარები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
პროექტი – ,,მხიარული ქოხი” საქართველოში გერმანიის საელჩოს, საქველმოქმედო ფონდის ,,ებერჰარდ შიოკის” და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა და საქართველოში გერმანელი მიგრანტების 200 წლის იუბილეს ეძღვნება. როგორც დავით შერაზადიშვილმა აღნიშნა, ეს პროექტი მნიშვნელოვანი გახლდათ იმითაც, რომ დასაქმდა 6 ადგილობრივი ახალგაზრდა, რომლებსაც მიეცათ შანსი, წარმატებული არქიტექტორისგან ხეზე მუშაობა და კვეთა შეესწავლათ.
,,დღეს ნამდვილად კარგი განწყობაა ბოლნისის ისტორიულ უბანში, სადაც რამდენიმეთვიანი შრომის შემდეგ, ასეთი ფერადი და მხიარული გასართობი საბავშვო მოედანი მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილი ბოლნისში, არამარტო პატარებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც. მინდა, მადლობა გადავუხადო პროექტში ჩართულ გერმანულ საქველმოქმედო ფონდს – ,,ებერჰარდ შიოკს“, ასევე, საქართველოში გერმანიის საელჩოს. არ შემიძლია, არ გამოვყო გერმანელი არქიტექტორი იორგ შულცე, რომელსაც ნამდვილად ოქროს ხელები აქვს და ასეთი შესანიშნავი დიზაინი შექმნა ამ ქოხზე, რაც მთავარია, გაითვალისწინა ბოლნისის ისტორია და ტრადიციები ქართული ღვინის წარმოების კუთხით. ეს პროექტი მნიშვნელოვანი გახლდათ იმითაც, რომ დასაქმდა 6 ადგილობრივი ახალგაზრდა, რომლებსაც მიეცათ უნიკალური შანსი, წარმატებული არქიტექტორისგან შეესწავლათ ხეზე მუშაობა და კვეთა, რომელიც სამომავლოდ მათი დასაქმების პერსპექტივას ერთიორად ზრდის. მიხარია, რომ დღეს ყველა ერთად ვზეიმობთ ახალი საბავშვო სივრცის გაჩენას ბოლნისში. ეს პროექტი ნამდვილად იქნება გერმანული კულტურული მემკვიდრეობის გაგრძელება, რომელიც ჩვენს ქალაქში გერმანელმა კოლონისტებმა 200 წლის წინ შექმნეს”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები