თამარ ხულორდავა ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯომარეთა სხდომაში მონაწილეობს

ესტონეთის პარლამენტში, კოსაკის – ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეთა სხდომა გაიხსნა.
ეროვნული პარლამენტის წევრებს ესტონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ეიკი ნესტორმა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, იური რატასმა მიმართეს. მათ ევროკავშირის დღევანდელი მდგომარეობა და ესტონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები წარადგინეს. მომხსენებლების ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე, ესტონეთის თავმჯდომარეობის პრიორიტეტული მიმართულებები იქნება ღია და ინოვაციური ევროპული ეკონომიკა, უსაფრთხოება, ციფრული ტექნოლოგიები და განათლებაზე დაფუძნებული მდგრადი განვითარება. ესტონეთის ყურადღების ცენტრში იქნება ასევე, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის გათვალისწინებით.
ღონისძიების მასპინძელი, ესტონეთის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ტომას ვიტსუტი მიესალმა საქართველოს სურვილს, ჩართული იყოს ესტონეთის თავმჯდომარეობის პერიოდში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ მადლობა გადაუხადა სხდომის მონაწილეებს საქართველოს ევროპული არჩევანისა და მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. მან ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე და საქართველოს ინტერესზე, რომ სამიტის დეკლარაციაში ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა აისახოს.
„ევროკავშირის მომავალზე მსჯელობისას, მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები. ასოცირებულ პარტნიორებს გვაქვს ამბიცია, გავხდეთ ევროკავშირის წევრები. ევროკავშირისკენ მიმავალი გზა შეუქცევადს ხდის საქართველოს ევროპული ტიპის ინსტიტუციურ დემოკრატიად ჩამოყალიბებას”, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.
საპარლამენტო კომიტეტებმა ასევე, მიმოიხილეს ის მნიშვნელოვანი პროცესები, რომლებიც პარლამენტების მხრიდან უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. დელეგატებმა კოსაკის მომავალი პლენარული სხდომის დღის წესრიგზე იმსჯელეს. სხდომაზე, ყურადღება დაეთმო ევროპაში ეკონომიკის და მეწარმეობის განვითარებასა და ბიზნესსტარტაპების ხელშეწყობას.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, პარტნიორებს, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისთვის საქართველოში განხორციელებული რეფორმები და ინიციატივები გააცნო.
კოსაკის პლენარული სხდომა მიმდინარე წლის 26 ნოემბერს, ესტონეთის პარლამენტში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები