გია გვაზავა: კრემლი საქართველოსთან მიმართებაში მოქმედებს დაწყებული გეგმით
“სამწუხაროდ დიპლომატიური ნაბიჯების გარდა, რუსეთთან მიმართებაში სხვა ბერკეტი არ გვაქვს”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, გია გვაზავამ განაცხადა.
გვაზავა კრემლის მიერ წარმოებულ პოლიტიკას რუსეთის გეგმის შემადგენელ ნაწილად თვლის და მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე, არანაირი მოლაპარაკება შედეგიანი არ იქნება. გვაზავა ყურადღებას ადამიანების გატაცების გახშირებულ ფაქტებზეც ამახვილებს.
„კრემლი, საქართველოსთან მიმართებაში, მოქმედებს დაწყებული გეგმით. თუ დავაკვირდებით რუსი პოლიტიკოსების რიტორიკას, მივხვდებით, რომ მათ არანაირი სურვილი არ აქვთ რაიმე შედეგიანი მოლაპარაკების. მათი გაღიზიანების მიზეზი არანაირად არ არის „ნატო“, მათ გაცილებით მყარი ურთიერთობა აქვთ ნატოსთან, ვიდრე ჩვენ. გახშირებული ადამიანების გატაცებების ფაქტები, ასევე, მცოცავი ანექსიის მასშტაბების ზრდა იგივე შიშის სინდრომის დათესვაა ქართულ მოსახლეობაში. სამწუხაროდ, დიპლომატიური მოლაპარაკებების გარდა, სხვა არაფერი ბერკეტი არ გვაქვს ამ ეტაპზე“, – განაცხადა გია გვაზავამ.