თბილისში ავარიის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა – ერთმანეთს სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახნენ

 თბილისში, ორთაჭალაში, რესტორან „ასტორიასთან“, სამარშრუტო ტაქსი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით, დაახლოებით, 08:00 საათზე მოხდა. ერთმანეთს BMW-ს მარკის ავტომობილი და N 161 სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სამაშველო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. ​როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო-სამედიცინო ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა, აქედან 5 მათგანი თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს. მათ შორის 3 ქალია და 2 – მამაკაცი.
შესაბამისი სამედიცინო დახმარების ჩატარების შემდეგ, 2 მოქალაქე საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. სამედიცინო დაწესებულებაში ამ დრომდე რჩება 3 პაციენტი. ​როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „კვირას“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები