ირაკლი კობახიძე: ეროვნული უშიშროების საბჭო არის კონსტიტუციის ერთ-ერთი სიმახინჯე, რომელიც სწორდება

„ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე და უსაფრთხოების სისტემაზე”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ექსპერტთა განცხადებებს ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შესახებ.

„ერთმა ექსპერტმა დაამტკიცოს, რომ დღეს რამეს აკეთებს ეროვნული უშიშროების საბჭო ჰიბრიდული ომების კუთხით. ეს კითხვა დავსვით ჩვენ შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე. ვერცერთი ე.წ. ექსპერტი ამას ვერ ამტკიცებს, იმიტომ, რომ დღეს ეროვნული უშიშროების საბჭო არაფერს არ აკეთებს ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით. ეს არის დღევანდელი რეალობა. მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება ნულოვან დონეზე აისახება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე და უსაფრთხოების სისტემაზე. ნულოვანი იქნება ეს გავლენა. ეს არის ის ორგანო, რომელიც აბსოლუტურად მოკლებულია ფუნქციებს. ეს არის კონსტიტუციის სიმახინჯე და ესეც არის ერთ-ერთი სიმახინჯე კონსტიტუციის, რომელიც სწორდება. ესენი არიან ე.წ. თავდაცვის ექსპერტთა თემი. რაღაც ტერმინებს იგონებენ. ადამიანები კითხვებს ვერ სვამდნენ კომიტეტის სხდომაზე და მათ, სამწუხაროდ, თავდაცვის ექსპერტები ეწოდებათ. ჩვენი ამოცანაა კონსტიტუციის მოწესრიგება. ეს არის ჩვენი არჩევანი, ეს არის ჩვენი პროგრამული პასუხისმგებლობა. ეს დაპირება მივეცით ჩვენს ამომრჩეველს 2016 წლის არჩევნების წინ, რომ დაიხვეწებოდა ქვეყნის ძირითადი კანონი და ეს დაპირება დღეს სრულდება,  როგორი ხელშემშლელი ფაქტორებიც არ უნდა იყოს და ხელს ნამდვილად ვერავინ ვერ შეგვიშლის ამაში.  ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები