ირაკლი კობახიძე: „საქართველოს საარჩევნო კოდექსში” უხეში ხარვეზებია და საარჩევნო ადმინისტრაცია სამართლიანი ფორმულით ჩამოყალიბდება

„რომელ ქვეყანაში გინახავთ, სადაც ისეთი სახით ხდება ოლქების გათანაბრება ადგილობრივ დონეზე, როგორც ეროვნულ დონეზე? ერთ მაგალითს თუ დამისახელებთ? ესეც არის ე.წ. ექსპერტული პოზიცია, რაც პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, აბსურდულია”,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას საარჩევნო სისტემის შესახებ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნებისმიერი კომენტარი არგუმენტს უნდა ეფუძნებოდეს.
„ძალიან ბევრ აბსურდს ვისმენთ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ყველას მოვუწოდებ, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ყველა იმ განცხადებას, რომელსაც ისინი სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით აკეთებენ. ასე ყველაფრის მიშვება და ნულოვანი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ განცხადებებზე არ შეიძლება. ნებისმიერ კომენტარი უნდა ეფუძნებოდეს არგუმენტებს. ჩვენ მეტწილად ვისმენთ ხოლმე აბსოლუტურად უარგუმენტო განცხადებებს”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
 
მისივე თქმით, დღეს „საქართველოს საარჩევნო კოდექსში” უხეში ხარვეზებია და საარჩევნო ადმინისტრაცია სამართლიანი ფორმულით ჩამოყალიბდება.
 
„საარჩევნო ადმინისტრაცია აუცილებლად სამართლიანი ფორმულით ჩამოყალიბდება. დღეს საარჩევნო კოდექსში არის ძალიან უხეში ხარვეზები. ამ ხარვეზები საფუძველზე გაუგებარი ფორმით ენიჭებათ ადმინისტრაციაში ადგილები პოლიტიკურ სუბიექტებს, მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას” თავისი ორივე განშტოებით აქვს სამი ადგილი საარჩევნო ადმინისტრაციაში, როდესაც არჩევნებში მიიღო ჩვენზე ორჯერ ნაკლები ხმა. ეს არის იმ სიმახინჯის შედეგი, რომელიც გვაქვს მოცემული საქართველოს კანონმდებლობაში და რომელიც ახლა სწორდება. სამართლიანი პრინციპი არის ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში ადგილები პროპორციულად განაწილდება. ეს არ მოსწონთ იმ პოლიტიკურ ძალებს და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც მანიპულირებენ და მანიპულაციების შედეგად იღებენ დამატებით ადგილებს საარჩევნო ადმინისტრაციაში. თუმცა, ეს მოსწონთ იმ ადამიანებს, რომლებიც სამართლიანობის მომხრენი არიან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები