ლევან გოგიჩაიშვილი: აშკარაა, რომ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები გაურბიან პასუხისმგებლობას
„საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დაგეგმა და განახორციელა ქართველმა ამომმრჩეველმა, რომელმაც თავისუფალ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა.
ლევან გოგიჩაიშვილი პრეზიდენტის ბოლოიდრონდელ განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი მარგველაშვილი არჩევნების მეორე ტურიდან მოყოლებული ცდილობდა საკონსტიტუციო ცვლილებთან დაკავშირებულ პროცესისთვის ხელი შეეშალა. დეპუტატი საპარლამენტო ოპოზიის წარმომადგენლებსაც აკრიტიკებს, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას ბოიკოტი გამოუცხადეს.
„ამავდროულად, „ქართულმა ოცნებამ“ მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებებზე ამომრჩევლის მხრიდან მინიჭებული ექსკლუზიური მანდატისა ყველა ის პოლიტიკური თამაშის წესი დაიცვა, რასაც ასეთი პროცესი მოითხოვს. სამწუხაროდ, არჩევნების მეორე ტურიდან მოყოლებული პრეზიდენტი შეეცადა პროცესისათვის ხელი შეეშალა. ისიც აღსანიშნავია, რომ ვერასოდეს ვერ მოხერხდებოდა იმ ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან შეთანხმება, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და ახლა უკვე მის განაყოფთან ასოცირდებიან ისეთ ფუნდამენტურ და პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება, როგორიცაა ქორწინების, მიწის და პრეზიდენტის არჩევის წესი(ქვეყნის საპარლამენტო მოწყობის მოდელში), რომელსაც „ქართული ოცნება“ ვერანაირი შეთანხმების ფასად ვერ დათმობდა. აშკარაა, რომ საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები გაურბიან პასუხისმგებლობას და საკუთარ გაკოტრებულ პოლიტიკურ პლატფორმას კონსტიტუციურ ჩანაწერებს აბრალებენ. ნუ დაავიწყდებათ, რომ მიუხედავად, მათი მცირერიცხოვანი წარმომადგენლობისა საქართველოს პარლამენტში, ბიუჯეტიდან ხალხის მიერ გადახდილ ფულს და დაფინანსებას იმისთვის იღებენ, რომ ოპონირება გაუწიონ და ბოლომდე იყვნენ პროცესში ჩართულები. ასევე, აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ და ექსპერტმა გააკეთა და იმუშავა ბევრად მეტი, ვიდრე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად, რომლისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდით“, – აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.