ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რომ მახინჯი კონსტიტუცია გასწორდეს

”აღარ მინდა პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება. ჩვენი დღის წესრიგი არის კანონების მიღება, ვიღაცების ამოცანა არის ამ პროცესისთვის ხელის შეშლა”, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
პარლამენტის თავმჯდომარეს არასერიოზულად მიაჩნია პრეზიდენტის მიერ ბოლოდროინდელ განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება.
”აღარ მინდა პრეზიდენტის განცხადებებთან დაკავშირებით, კომენტარების გაკეთება. აბსოლუტურად არასერიოზულია კომენტარების გაკეთება იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც ოთხი თვის განმავლობაში, არ ჩაერთო კომისიის მუშაობაში. 73 ადამიანი იჯდა და მუშაობდა საკონსტიტუციო პროექტზე, ამის შემდეგ, გაგრძელდა მუშაობა. დღესაც განიხილება, დიალოგია შესანიშნავი, კომიტეტის სხდომაზე განიხილება ეს საკითხები, ვისაც უნდა იმსჯელოს ქვეყნის ძირითად კანონზე, ყველას აქვს ამის საშუალება, ყველას აქვს არჩევანი – ეს არის რეალობა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად დააზიანებს ქვეყანას პრეზიდენტისა და პარლამენტის ასეთი დამოკიდებულება, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ”პარლამენტი მოქმედებს თავისი დღის წესრიგით”. ”ჩვენი დღის წესრიგი არის პოზიტიური, ჩვენი დღის წესრიგი არის კანონების მიღება, ვიღაცების ამოცანა არის ამ პროცესისთვის ხელის შეშლა. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, მათ შორის, კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლებს, შეუძლიათ იმოქმედონ ისე, როგორც აქვთ გადაწყვეტილი. ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, რაც არის ის, რომ მახინჯი კონსტიტუცია უნდა გასწორდეს და ჩამოყალიბდეს სწორი სახით. ვისაც უნდა, ხელი შეუშალოს ამ ყველაფერს, ეს მისი არჩევანია, თუმცა ჩვენ ხელი ვერ შეგვეშლება ვერანაირი ფორმით. ჩვენ ხალხმა გამოგვიცხადა საკონსტიტუციო ნდობა, მთელი კამპანია იყო წარმართული ”ქართული ოცნების” წინააღმდეგ, რომ ჩვენს პარტიას ვერ მიეღო საკონსტიტუციო ნდობა, თუმცა ამომრჩეველმა მიიღო რაციონალური გადაწყვეტილება და საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა ”ქართულ ოცნებას”, რამაც შესაძლებელი გახადა ქვეყნის უმაღლესი დოკუმენტის გასწორება და ჩამოყალიბება დემოკრატიული სახით, ასევე, მისი შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ საუკეთესო ტრადიციებთან. ეს არის ის შესაძლებლობა, რომელიც, აბსოლუტურდ რაციონალური არჩევანის საფუძველზე, ჩვენ მოგვცა ქართველმა ხალხმა. მათ გადაწყვიტეს ეს ყველაფერი, განსხვავებით სხვა სუბიექტებისგან, რომლებისთვისაც დიდი დატვირთვა მაინცდამაინც ამ ნებას არ აქვს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები