“ჩვენ მოვახდინეთ უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველი, ან საქართველოსთან კავშირში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის აღრიცხვა”

“გასულ წელს, ჩვენ მოვახდინეთ უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველი ან საქართველოსთან კავშირში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის აღრიცხვა და დავსვით ინტერპოლის „მწვანე ცირკულარზე“, – ამის შესახებ “პრაიმტაიმთან” საგაზეთო ინტერვიუში შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, საქართველოში ე.წ. კანონიერი ქურდები არ არიან, მათი უმეტესობა უცხოეთს აფარებს თავს და იქ სჩადის დანაშულებრივ ქმედებებს. გასულ წელს ჩვენ მოვახდინეთ უცხოეთში მცხოვრები ყველა ქართველი ან საქართველოსთან კავშირში მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის აღრიცხვა და დავსვით ინტერპოლის „მწვანე ცირკულარზე“. პარალელურად, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო ქმედითი მექანიზმების მიღება მათ წინააღმდეგ ჩვენს ქვეყანაშიც, საკანონმდებლო დონეზე. კანონპროექტში არის ბევრი სიახლე, მათ შორის, დასჯადი ხდება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მიზნების მისაღწევად ჩადენილი ნებისმიერი ქმედება. მოქმედი რედაქციით, ქურდული სამყაროს საქმიანობის მიზანი არის მხოლოდ სარგებლის მიღება. რამდენადაც „ქურდულ სამყაროს“ ფინანსური მოტივები ხშირად შენიღბული აქვს, პროექტით განივრცო და დაემატა ქურდული სამყაროს საქმიანობის მიზნები, ესენია: ძალაუფლების, გავლენის ან სოციალური აღიარების მიღება. არსებითად შეიცვალა „ქურდული სამყაროს“ წევრის განმარტება. დანაშაული დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც პირი გაწევრიანდება „ქურდულ სამყაროში“. მნიშვნელობა არა აქვს, პირმა აქტიური მონაწილეობა მიიღო თუ არა ქურდული სამყაროს საქმიანობის განხორციელებაში. ამასთან, იზრდება სანქცია “კანონიერი ქურდობისთვის”, თავისუფლების აღკვეთის ვადა განისაზღვრა ათიდან თხუთმეტ წლამდე ვადით. ახალ დანაშაულად ცხადდება „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა. მხარდაჭერა შეიძლება გამოიხატოს, როგორც კანონიერი, ასევე, დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში.  ახალ დანაშაულებად ცხადდება „ქურდული შეკრების“ ორგანიზება ან მასში მონაწილეობის მიღებაც, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა. აქვე არის ერთი საგულისხმო დეტალი: სისხლის სამართლის კოდექსში იქნება შენიშვნა, რომლის თანახმადაც, პირი გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მან ხელი შეუწყო გამოძიების წარმართვას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები