გიორგი მღებრიშვილი: ცალკეული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ „შეუტიონ“ პოლიციას და გააჩინონ დესტაბილიზაციის შეგრძნება

„იმ ფონზე, როცა შსს-ში ხორციელდება მნიშვნელოვანი რეფორმები, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ცალკეული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ, პერიოდულად „შეუტიონ“ პოლიციას, მოახდინონ მისი დისკრედიტაცია, გააჩინონ დესტაბილიზაციის, დემოტივაციის და რყევის შეგრძნება”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში განაცხადა.
შს მინისტრმა მისი უწყების მიერ განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.
„იმ ფონზე, როცა შსს-ში ხორციელდება ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმები, როცა ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას ევროპოლთან სტრატეგიული და ოპერატიული პარტნიორობის შესახებ, დავიმკვიდრეთ ჩვენი ადგილი ევროპის სამართალდამცველთა გაერთიანებაში, რაც საქართველოს შსს-ს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა და აღიარებაა, როცა შევქმენით მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, რომლის მსგავსი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს, შემოდგომაზე უკვე ამოქმედდება ე.წ. „ჭკვიანი კამერები“, ვიწყებთ ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვას, დნმ ბანკის შექმნას და სხვა ახალი პროექტების განხორციელებას, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ცალკეული პირები მიზანმიმართულად ცდილობენ, პერიოდულად „შეუტიონ“ პოლიციას, მოახდინონ მისი დისკრედიტაცია, გააჩინონ დესტაბილიზაციის, დემოტივაციის და რყევის შეგრძნება.
არ ვიცი, სხვა რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს ლამის პერმანენტულად დეზინფორმაციის გავრცელება, თუნდაც, მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით. ჩემთვის უმჯობესი იქნებოდა, რომ ეს იყოს ცალკეული პირების ჩემდამი სუბიექტური დამოკიდებულებიდან გამომდინარე და თავი დაანებონ უწყების, ჩვენი პოლიციელების დისკრედიტირებას, იმ ადამიანების, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების საძირკველია“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები