ეკა ბესელია: კობა კობიძე უსაფრთხოების, ადამიანის პერსონალური და პირადი სივრცის დაცულობის გარანტია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ე.წ. მოსმენების სააგენტოს ხელმძღვანელად კობა კობიძის კანდიდატურის შერჩევის შემდეგ, ახალი სააგენტოს შექმნასა და ახალი ხელმძღვანელის არჩევის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც მან თემის კომენტირებისას აღნიშნა, ახალი სააგენტო, ახალი ხელმძღვანელით, იქნება გარანტი იმისა, რომ ყველა მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების თემას, ადამიანის პერსონალურ და პირად სივრცის დაცულობას, იქნება დაცული.
ბესელიას თქმით, ახალი კანონის მიღების შემდეგ, სწორედ ეს პროცედურა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი.
“ჩვენ განსაკუთრებული პროცედურა გავწერეთ და ამ პროცედურის სრული დაცვით ავირჩიეთ სამი კანდიდატიდან ერთი. ეს იყო აბსოლუტურად თავისუფალი და ყველა პროცედურის დაცვით ჩატარებული ფარული კენჭისყრა. კობა კობიძემ, რომელსაც ძალიან კარგი გამოცდილება აქვს ამ სამსახურში მუშაობის, იცის სპეციფიკა, იცის ახალი კანონმდებლობა, აქვს ხედვა. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, კითხვები დაგვესვა და ვრცლად მოგვესმინა მისი მოსაზრებები ამ სააგენტოსთან, მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ახალი სააგენტო, ახალი ხელმძღვანელით, იქნება გარანტი იმისა, რომ იქნება დაცული ყველა ის მნიშვნელოვანი უფლება, რომელიც უკავშირდება უსაფრთხოების თემას, ადამიანის პერსონალურ და პირად სივრცის დაცულობას. პროცედურის დაცვით, ახლა უკვე კომისიის თავმჯდომარე წარუდგენს მას პრემიერ-მინისტრს. დროულად, ვადის და პროცედურების დაცვით მოხდა ახალი სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის არჩევა”, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ სპეციალურმა კომისიამ სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, ე.წ. მოსმენების სამსახურის უფროსის კანდიდატურა დღეს დაამტკიცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები