ირაკლი კობახიძე და თამარ ჩუგოშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და მდივანს შეხვდნენ (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტსა და მდივანს შეხვდნენ. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტიმ განაცხადა, რომ ვენეციის კომისია და საქართველოს პარლამენტი ერთობლივად მივლენ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე საქართველოს მომავლისთვის.
„ვისაუბრეთ კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ საქართველოს ხელისუფლებასთან უკვე გარკვეული პერიოდია, გვაქვს კონტაქტი. ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და ვფიქრობ, რომ ერთობლივად მივალთ საუკეთესო გადაწყვეტილებამდე საქართველოს მომავლისთვის“,- განაცხადა თომას მარკერტმა. ​მისივე შეფასებით, გადაუნაწილებელ მანდატებთან დაკავშირებით, ზედა ზღვარის დაწესება პოზიტიური ნაბიჯია.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოსთან და თომას მარკერტთან გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.
„გვქონდა შესაძლებლობა, შეხვედრაზე განგვეხილა თითოეული ის ცვლილება, რომლის შეტანასაც ვაპირებთ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში, ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად. განსაკუთრებით დეტალურად განვიხილეთ საარჩევნო სისტემის ნაწილი. ბატონი თომას მარკერტის, ასევე, ბატონი ჯანი ბუკიკიოს მხრიდან ითქვა, რომ ეს ვერსია, ისევე, როგორც სხვა ცვლილებები, რომელსაც ჩვენ შევიტანთ დოკუმენტში, სრულად შეესაბამება მათ რეკომენდაციას. დარწმუნებული ვარ, მოგვიანებით ამას წერილობით დაადასტურებს ვენეციის კომისია“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები