გიორგი მიშელაძემ დაბა სტეფანწმინდაში შეხვედრა გამართა

„მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი მიშელაძემ დაბა სტეფანწმინდაში შეხვედრა გამართა.
ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება. ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან, გადაეცემათ შესაბამისი აღჭურვილობა – ტრაქტორები, სათიბები, მოთიბული მასის ამკრებ-დამწნეხები და სხვა საჭირო ინვენტარი.
პროგრამის გეოგრაფიული არეალი მოიცავს 24 მუნიციპალიტეტის – წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, გორის, ქარელის, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის და ხულოს  იმ დასახლებებს, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება.
პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, გადამამუშავებელი სიმძლავრეების შექმნის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ააშენებს რძის გადამამუშავებელ საწარმოს და სრულად აღჭურავს მას. აღნიშნული საწარმო, პირდაპირი მიყიდვის წესით, გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს, რომელიც 8 წლის განმავლობაში დაფარავს საერთო საბალანსო ღირებულების 23%-ს. უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში მონაწილეს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადაეცემა ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა, რომელიც გამოყენებული იქნება დამხმარე საქმიანობისათვის.
სახელმწიფო პროგრამა 2017-18 წელზეა გათვლილი და მისი დაფინანსება  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განხორციელდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 6 000 000 ლარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები