“ჩემს ამბებს უკვე შეეწირა დედაჩემი” – რას ჰყვება სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებული დემურ სტურუას საქმის ფიგურანტი

​”ჩემს ამბებს უკვე შეეწირა დედაჩემი”,-ეს სიტყვები სამტრედიის რაიონული პოლიციის ყოფილ თანამშრომელს, გოდერძი თევზაძეს ეკუთვნის, რომელსაც პროკურატურა 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა.
გაზეთმა „პრაიმტაიმმა“ სკანდალური საქმის ფიგურანტ გოდერძი თევზაძესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც იგი მის უდანაშაულობაზე საუბრობს.
„ ამ განაჩენს ნამდვილად ველოდი. მე ვიყავი უდანაშაულო და დარწმუნებული ვიყავი, რომ, ადრე თუ გვიან, სასამართლოც გამამართლებდა. ჩემი დაკავება დაემთხვა საარჩევნო პერიოდს. ისეთი კამპანია ააგორეს და პოლიტიკურად გამოიყენეს, რომ აღარავის ახსოვდა არც უდანაშაულობის პრეზუმფცია და არც საქმის ვითარება. ასე უაპელაციოდ მაცხადებდნენ მკვლელად და ლამის სამშობლოს ღალატიც კი დამაბრალეს. მოკლედ, იმ პერიოდში ჩემ წინააღმდეგ აგორდა ცილისმწამებლური კამპანია და სიმართლე არავის აინტერესებდა. მე სწორედ სასამართლოზე დავამტკიცე ჩემი სიმართლე. აწ გარდაცვლილ დემურ სტურუას მოპარული ჰქონდა გარდაცვლილი მეგობრის ტელეფონი. ამის გამო, მას ჰქონდა სერიოზული პრობლემები სოფლის ახალგაზრდობასთან. რეალურად, სწორედ ამ ამბავმა მიიყვანა ის თვითმკვლელობამდე და გადაფარვის მიზნით, წერილში მე მომიხსენია, რადგან ჩათვალა, რომ რაკიღა თავს იკლავდა, ეს საქციელი „კაიბიჭობაში“ ჩაეთვლებოდა. ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რასაც შეეძლო, დემური თვითმკვლელობამდე მიეყვანა. დადასტურებულია, რომ მან ნამდვილად მოიპარა გარდაცვლილისგან მობილური ტელეფონი და ასევე დადასტურებულია, რომ ამის გამო ჰქონდა ძალიან დიდი პრობლემები.
ჩემ მიერ მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლას არაფერი და არავინ ადასტურებს. პირიქით, დედამისმა მთხოვა, ყურადღება მიმექცია, რადგან ხშირად თამაშობდა ხოლმე. მეც, როგორც შემეძლო, ვეხმარებოდი და სულ რჩევებს ვაძლევდი. 10 წლის ასაკიდან ვიცნობ ამ ბავშვს და როგორ წარმოგიდგენიათ, რა ზეწოლა უნდა მომეხდინა მასზე, რომ თვითმკვლელობამდე მიმეყვანა?! მას ჰქონდა ფინანსური პრობლემები, ბევრი ვალი. ტყუილია, რომ დემურ სტურუა ჩემი ინფორმატორი იყო. მე მასთან არანაირი მსგავსი ურთიერთობა არ მქონია. მხოლოდ რჩევა-დარიგებით შემოიფარგლებოდა ჩვენი ურთიერთობა. დემური იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ და შესაბამისად, ის ვერ იქნებოდა პოლიციის ინფორმატორი -კანონით არის აკრძალული. მისი ოჯახი არის პოლიციაზე გამწარებული. მათ პოლიციელი დასანახად ეზიზღებათ. სასამართლოებზე პოლიციელებს „ძაღლებად“ მოიხსენიებდა უშუალოდ ეგ ქალბატონი. თავად მკვლელობისთვის არის ნასამართლევი, მისი ქმარი კი სხვადასხვა დანაშაულებისთვის 4-ჯერ არის ნასამართლევი. ცხადია, ისინი ჩემზე და ნებისმიერ პოლიციელზე განაწყენებულნი იქნებიან“,-განაცხადა „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გოდერძი თევზაძემ.
როგორც გამოცემასთან საუბრისას თევზაძემ აღნიშნა, სამსახურში აღდგენასა და კონპენსაციის მიღებაზე ჯერჯერობით არ უფიქრია.
„ჯერჯერობით ამისთვის არ მცალია. ჩემს ამბებს უკვე შეეწირა დედაჩემი, ასაკოვანი მამა მყავს, არის რაღაც პრობლემები, რასაც პირველ რიგში უნდა მივხედო“,-აღნიშნა ყოფილმა პოლიციელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები