ამერიკელი პროკურორი: ხურციძე ფიზიკურად გაუსწორდა მამაკაცს, რომელიც პოკერკლუბში სახელმწიფოს მიერ იყო ჩანერგილი
“ბანდის მეთაურის დავალებით, ხურციძე დანაშაულებრივი დაჯგუფების კუთვნილ პოკერკლუბში ფიზიკურად გაუსწორდა მენეჯერად მომუშავე მამაკაცს, რომელიც იქ სამართალდამცველი ორგანოების მიერ იყო ჩანერგილი. მას თანხის მითვისება დააბრალეს და სასტიკად სცემეს”, – ამის შესახებ აშშ-ში დაკავებული ქართველი სპორტსმენის, ავთანდილ ხურციძის სასამართლო პროცესზე პროკურორმა ენდრიუ ადამსმა განაცხადა.
„ძალადობის ასეთი ფაქტი სულ მცირე, ორჯერ განმეორდა. წარმოიდგინეთ, რა ზიანი შეეძლო მიეყენებინა პროფესიონალი მოკრივის დარტყმას. ძალადობა და დაშინება მსგავსი ორგანიზაციების საქმეში ჩვეულებრივი ამბავია“, – განაცხადა ადამსმა.
ხურციძის ადვოკატმა, გაი ოქსენჰენდლერმა ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ ხურციძე საკუთარი პროფესიული წარმატების გამო მსხვერპლად იქცა, ვინაიდან მასზე კომპრომატებს აგროვებდნენ. დაცვის მხარემ ხურციძის თავდებით გათავისუფლება მოითხოვა, რადგან ის მიმალვას არ აპირებს. ხურციძეს ამერიკელ პრომოუტერთან კონტრაქტი აქვს გაფორმებული, ამერიკაში ორთაბრძოლებში მონაწილეობა კი მისი ერთადერთი შემოსავალია.
საპირისპიროს ამტკიცებდა პროკურორი. მისი აზრით, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ხურციძე მიიმალება, რადგანაც მას საქართველოში საბანკო ანგარიშზე 200 ათასი დოლარი უფიქსირდება და საქართველოსა და უკრაინასთან კარგი კონტაქტები აკავშირებს.
როგორც ცნობილია, მოსამართლემ პროკურატურის პოზიცია გაიზიარა და ხურციძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატები ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.