ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეები მუხთარლის საქმეზე განცხადებას ავრცელებენ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეები – ბორის სილევიჩი და კერსტინ ლუნდგრენი საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გატაცების გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ, სრულად იქნეს გამოძიებული ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა ბრალდება. ასევე, მოითხოვენ, რომ გამოძიების შედეგების შესახებ მოხდეს მათი ინფორმირება. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ თანათავმჯდომარეები მიმდინარე საქმეს თვალყურს ადევნებენ.
აფგან მუხთარლის ოჯახის წევრების თქმით, ის თბილისიდან 29 მაისს გაუჩინარდა, სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ის ბაქოში გადაიყვანეს. ბაქოს საქალაქო სასამართლომ მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.