სუბარი პრეზიდენტს საკუთარი ოჯახის წევრის შეწყალებისთვის “სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციაში” ადანაშაულებს

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი სახელმწიფო აუდიტორისა და ყოფილი მთავარი პროკურორის საქმეზე პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყნის პირველ პირს სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემასა და დისკრედიტაციასთან დაკავშირებით, საოცარი გაგება აქვს. ამის შესახებ მინისტრმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისივე მტკიცებით, როდესაც სახელმწიფო აუდიტორი, სახელმწიფო თანამდებობის პირი, იარაღით მიიწევს ბარის თანამშრომლისკენ, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია.
„ყოველდღიურად უფრო და უფრო გვაოცებს პრეზიდენტი. მართლა ძალიან უცნაური გაგება აქვს, რა არის სახელმწიფო ინსტიტუტები, რა არის მათი პატივისცემა და მათი დისკრედიტაცია. თუ სახელმწიფო აუდიტორი იტყვის, რომ მას თავს დაესხნენ და იმ დღესვე, ყოველგვარი გამოძიების გარეშე თუ არ მოხდა მის განცხადებაში ნახსენები პირების დაკავება, მისჯა, წამება და ჩამხობა, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაცია?! თუკი საზოგადოება ნახავს, რომ სახელმწიფო აუდიტორი თავს ესხმის ბარის თანამშრომლებს, ეს არ არის დანაშაული ხომ?! მე პირიქით მგონია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებზე როცა ვლაპარაკობთ, როდესაც სახელმწიფო აუდიტორს, სახელმწიფო თანამდებობის პირს, ვხედავთ, როგორ მიიწევს ბარის თანამშრომლისკენ იარაღით, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია. სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია არის, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მისი ოჯახის წევრები და ნათესავები ხელშეუხებელნი უნდა იყვნენ. თურმე პრეზიდენტზე რაღაცის თქმა არ შეიძლება და როცა თავის ოჯახის წევრს, ცოლისძმას შეიწყალებს ისეთი დანაშაულისთვის, ისეთ ვადაში, რაზეც სხვას არასდროს არ იწყალებს, ეს თურმე არ არის სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაცია, მაგრამ ამაზე თუ ვისაუბრებთ, ეს არის დისკრედიტაცია”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები