„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ მთავრობას თამბაქოს შესახებ უკვე მიღებული ნორმების დანერგვისთვის გეგმის შემუშავებისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტმა „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა. როგორც თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლებმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტეს, ახალი კანონი ამოქმედებას 2018 წლიდან დაიწყებს. ალიანსის თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ თამბაქოს შესახებ ახალი რეგულაციები განმარტა.
„ 31 მაისს, „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღეს, საქართველო თამბაქოს კონტროლის შესახებ გამკაცრებული კანონმდებლობით შეხვდა. 30 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის მიერ ახლახან მიღებულ კანონს ხელი მოაწერა. სასიამოვნოა, რომ პრეზიდენტმა მხარი აუბა პარლამენტის გადაწყვეტილებას, ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის მძლავრი ბაზისის ჩამოყალიბების შესახებ. 2018 წლის მაისიდან დახურული ტიპის საზოგადოებრივ დაწესებულებებში მოწევა აიკრძალება, 2018 წლის იანვრიდან შემოვა სადა შეფუთვა , ყველა კოლოფი იქნება ერთი ფერის და მის 65% ზე დატანილი იქნება პიქტოგრამა იმ დაავადებების, თუ რას იწვევს სიგარეტი, ეს ამოქმედდება 2018 წლის სექტემბრიდან. ასევე, მოხდება თამბაქოს რეკლამის და სპონსორობის სრული აკრძალვა. მათ შორის, აიკრძალება რეკლამის ისეთი სახე, როგორიცაა თამბაქოს გამოფენა. პირველ ეტაპზე, 2018 წლის მაისიდან, გარე ვიტრინებზე და ვიტრაჟებზე აიკრძალება გამოფენა, ხოლო 2021 წლიდან, სავაჭრო ობიექტებში იკრძალება თამბაქოს პროდუქციის შიდა ხილვადობა. რაც შეეხება გამონაკლისებს, მოსაწევი ადგილების კუთხით, გამონაკლისები გაკეთდა. კაზინოებისთვის, სიგარ ბარებისთვის, რომლებიც სპეციალიზებულ ლიცენზიას ექვემდებარებიან“,- განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.
​ალიანსის წარმომადგენლების თქმით, კანონის აღსრულების დაწყებამდე, ჩასატარებელია მოსამზადებელი სამუშაოები, რამაც ეფექტური ადმინისტრირება უნდა უზრუნველყოს. კაფე-ბარებსა და რესტორნებს, სავაჭრო ქსელებსა და საჯარო დაწესებულებებს, აღმასრულებელ სტრუქტურებს უნდა ეცნობოთ საკანონმდებლო სიახლის და მისი აღსრულების წესების შესახებ. ამასთან, მოსამზადებელია ნორმატიული აქტები, რომელთა საშუალებით, დაკონკრეტდება კანონის მოქმედების ფორმა და წესი.
„ უკვე დაწყებულია და იმედი გვაქვს, უახლოეს ერთ თვეში ჩამოყალიბდება, სახელმწიფოს მხრიდან კანონის აღსრულების მოსამზადებელი სამუშაოების კონსოლიდირებული გეგმა. ჩვენ მკაცრ მონიტორინგს განვახორციელებთ ყველა მიმართულებით და უშუალოდ სამუშაოების განხორციელებაში ჩავერთვებით. ასევე, აღსანიშნავია, რომ უკვე ძალაშია „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის რამდენიმე მუხლი. კერძოდ: იკრძალება მოწევა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში. სამედიცინო დაწესებულებებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. შეგახსენებთ, ამ მუხლების აღსრულების ვალდებულება ჯერ კიდევ საკანონმდებლო ცვლილების მიღებამდე არსებობდა, თუმცა, ადმინისტრირების მექანიზმის არარსებობის გამო, კანონი მხოლოდ ქაღალდზე რჩებოდა. ვიმედოვნებთ, უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე, მცირედი მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, კანონის აღსრულების ეს ნაწილი აქტიურად განხორციელდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და შინაგან სამინისტროების მიერ. ჩვენი ამოცანაა, რომ უკვე მიღებული ნორმების დანერგვისთვის, მოხდეს ნაბიჯების გადადგმა. მთავრობას მოვუწოდებთ, უახლოესი კვირების განმავლობაში, შეიმუშაოს გეგმა, რომ საზოგადოება, სამიზნე ჯგუფები, იგივე კაფე-ბარები, სავაჭრო ობიექტები და სხვა… იყვნენ ინფორმირებული მათი მოვალეობების შესახებ და საზოგადოებამ 2018 წლის პირველ მაისს კი არ გაიღვიძოს და მოწმენდილ ცაზე ახალი კანონის შესახებ ემცნოთ ადამიანებს, არამედ უკვე იყოს მზაობა. ამის გეგმა უახლოეს კვირებში უნდა დადოს ხელისუფლებამ“, – აღნიშნავენ ალიანსის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები