ალექსანდა ჯეჯელავა: აფგან მუხტარლისთან დაკავშირებით, უნდა გადაამოწმონ ინფორმაცია, არის თუ არა ის რეალურად ჟურნალისტი

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გაუჩინარების ამბავს გამოეხმაურა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, აფგან მუხტარლისთან დაკავშირებით, არასამთავრობოებმა უნდა გადაამოწმონ ინფორმაცია, არის თუ არა ის რეალურად ჟურნალისტი.
მისივე თქმით, შსს-მ დაიწყო მოკვლევა, მათ შორის აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციაზე, რომ ეს ადამიანი უკანონოდ კვეთდა საზღვარს.
„სამწუხაროდ, შევეჩვიეთ, რომ არასამთავრობოები თავის თავზე საგამოძიებო ორგანოს ფუნქციასაც იღებენ და თვლიან, რომ სამ საათში შეუძლიათ გახსნან საქმე და ჭეშმარიტება დაადგინონ. მე მგონია, რომ ეს უბრალოდ, არაკომპეტენტურობის ინდიკაციაა. შსს-მ გაავრცელა განცხადება, გუშინვე დაიწყეს მათ მოკვლევა, მათ შორის აქვთ ინფორმაცია აზერბაიჯანელი კოლეგებისგან, რომ ეს ადამიანი უკანონოდ კვეთდა საზღვარს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის ჟურნალისტი იყო, უნდა გადაამოწმოთ, იმიტომ, რომ არის ვერსია, ის რადიო „თავისუფლების“ დაცვის თანამშრომელია. გამოძიება დაადგენს რეალობას, სად და რა პირობებში დააკავეს.
პრაქტიკულად, გამოვრიცხავ იმ ვერსიას, რომელიც სამწუხაროდ, არასამთავრობოებმა პირდაპირ ფაქტად წარმოგვიდგინეს, რომ ეს მოხდა თბილისში და მოხდა ძალადობა.
თუმცა, გამოძიება დაწყებულია იმ ბრალდების საფუძველზე, რაც გაჟღერდა. რამდენიმე დღეში ვნახავთ, ზუსტი ინფორმაცია გვექნება“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა. მუხტარლის ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საზღვრის უკანონო კვეთა) და 206-ე (დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანა) მუხლებით აქვს წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები