თბილისი საერთაშორისო საბალეტო ფესტივალს უმასპინძლებს

თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი დაფუძნდა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი.
ფესტივალი 21 ივნისს გაიხსნება და 2 ივლისს დაიხურება. სპექტაკლები თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. ამ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
თბილისის საბალეტო ფესტივალი ანა კრეინის „ლაურენსიას“ პრემიერით გაიხსნება. ვახტანგ ჭაბუკიანის ცნობილი ბალეტის ახალი ქორეოგრაფიული რედაქცია და დადგმა ნინო ანანიაშვილს ეკუთვნის.
21 ივნისს პირველ საპრემიერო სპექტაკლს საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტი ლალი კანდელაკი და ბოსტონის ბალეტის წამყვანი სოლისტი ლაშა ხოზაშვილი იცეკვებენ.
საბალეტო ფესტივალის მთავარი მოვლენა ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2-ის გამოსვლა იქნება. თბილისში ეს ამ დასის პირველი გასტროლია.
ნიდერლანდების ცეკვის თეატრი 2 თბილისის საბალეტო ფესტივალის პროგრამით ორ სპექტაკლს გამართავს – 28 და 29 ივნისს და სრულიად განსხვავებულ პროგრამას შესთავაზებს მაყურებელს.
1 ივლისს კი ფესტივალი წარმოადგენს პ. ჩაიკოვსკის „გედების ტბას“, სადაც იცეკვებენ პოლონეთის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტები ჩინარა ალიზადე (ოდეტა-ოდილია) და ვლადიმერ იაროშენკო (პრინცი ზიგფრიდი).
ფესტივალი 2 ივლისს საბალეტო გალაკონცერტით დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები