თინათინ რუხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნას დაესწრო

კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნას დაესწრო.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციაზე ხაზი გაესვა ივანე ჯავახიშვილის განსაკუთრებულ როლს საქართველოსა და კავკასიის რეგიონში პირველი უნივერსიტეტის დაფუძნებაში, მის წვლილს განათლების და მეცნიერების განვითარებაში.

ღონისძიებაზე შედგა მარიკა ბაკურაძის დოკუმენტური ფილმის – „ივანე ჯავახიშვილის“ პრეზენტაცია. ფილმი, რომელიც ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ღვაწლს ეძღვნება, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ტელეკომპანია „იმედისა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით შეიქმნა.

“ივანე ჯავახიშვილმა ჩვენს ქვეყანას უდიდესი მემკვიდრეობა დაუტოვა. ის იყო მსოფლიო მნიშვნელობის მეცნიერი და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი. ევროპული მოდელის ეს უმაღლესი სასწავლებელი ყველაზე ძველია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონშიც. ამით ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით და ვიამაყებთ.

ფილმი, რომელიც ივანე ჯავახიშვილს ეძღვნება, გვარწმუნებს იმაში, რომ განათლებას, რომელიც ეროვნული იდენტობის ძლიერ საძირკველზე დგას, ვერავინ და ვერაფერი მოერევა.

მადლობას ვუხდი ფილმის ავტორს – მარიკა ბაკურაძესა და შემოქმედებით ჯგუფს. ვფიქრობ, რომ ეს ფილმი არის მნიშვნელოვანი ნამუშევარი ივანე ჯავახიშვილის როლის, უნივერსიტეტის იდეისა და ჩვენი მთავარი ღირებულებების შესახებ და დარწმუნებული ვარ, ჩვენი საზოგადოება მას სათანადოდ შეაფასებს.

მინდა აღვნიშნო, რომ კასპის მუნიციპალიტეტში, ხოვლეში ვახორციელებთ ივანე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმის მთლიან რეაბილიტაციას და ძალიან მალე ყველას ექნება მისი დათვალიერების საშუალება”, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.

ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები