თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
გარდა ამისა, მას ჩამოერთვა ქონება – ესპანეთში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული სახლი, ასევე დაბა წყნეთში მდებარე სახლი და ავტოსადგომი და 2 წლის ვადით აეკრძალა თანამდებობის დაკავება.
ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას რვა წლით, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმას, ვასილ მხეიძეს კი რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ილია ღუდუშაურს მას საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცდა შემდეგი პირობით: 4 წელი პირობითი მსჯავრი, 10 000-ლარიანი ჯარიმა და 1 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხებათ, ვლადიმერ ღუდუშაურსა და გიორგი ხაინდრავას, მათ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას ედავებიან, ვასილ მხეიძეს კი გაფლანგვაში დახმარებასა და ზეგავლენით ვაჭრობას.
მათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის, გაფლანგვაში დახმარებისა და ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილითა და 25-182-ე მუხლებით ჰქონდათ წარდგენილი. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.