რა კავშირშია ნათია ჯანაშიას „მედიაწერტილი“ იგორ ბლაჟევიჩთან – აფბას განმარტებები
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ – აფბას ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ მედიის კითხვებს უპასუხა. კერძოდ, საუბარი შეეხო ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც მოთხრობილია „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ წარმომადგენლის, იგორ ბლაჟევიჩის მიერ საქართველოში ჩატარებულ ტრენინგებზე.
გიორგი კაპანაძის განცხადებით, ტვ იმედმა რამდენიმე ორგანიზაცია დაასახელა, ვისთანაც ბლაჟევიჩმა ტრენინგები ჩაატარა. მათ შორის ჩამონათვალში იყვნენ „მომავლის აკადემია“, „ფარი“ და „წერტილი“.
„პირველი არ ხართ ვინც მეკითხება, რომ ნათია ჯანაშიას პატრონაჟისა და დაფინანსების ქვეშ მყოფი რესურსი „მედიაწერტილი“, რომელსაც საზოგადოება გარკვეულწილად ხელისუფლების ოპოზიციურ მედიარესურსად განიხილავს, სავარაუდოდ ოპოზიციური გაერთიანება – მოძრაობა „წერტილის“ ონლაინ მედიაგამოცემად ჩათვალეს. ბრიტანულ-ქართული აკადემიის ირგვლივ არსებული დავის მონიტორინგის საფუძველზე შემიძლია დავასკვნა, რომ არსებობს ღრმა კავშირი ნათია ჯანაშიასა და მედიარესურსს „მედიაწერტილს“ შორის, თუმცა, „მედიაწერტილსა“ და მოძრაობა „წერტილს“ შორის ასეთი კავშირები ამ ეტაპზე არ გამოკვეთილა,“ – ამბობს გიორგი კაპანაძე.
მისივე თქმით, ნათია ჯანაშიას „მედიაწერტილის“ თაობაზე მოარული ხმების წარმოშობას, შეიძლება ამ ბოლო დროს ბრიტანულ-ქართული აკადემიის ირგვლივ განვითარებული დავის მიმართულებამაც შეუწყო ხელი.
„აშკარაა, რომ ხელისუფლებისა და, განსაკუთრებით, სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ გამოთქმული პრეტენზიების ფონზე და ბრიტანეთში შეტანილი სკანდალური სარჩელის გახმაურების შემდგომ, სულ უფრო მეტი ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ბრიტანულ-ქართული აკადემიის ყოფილი დირექტორი, ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე, დავით ცეცხლაძე აკადემიის ირგვლივ დავის პოლიტიზებას ახდენენ და ხაზგასმულად ორკესტრირებულად მოქმედებენ გარკვეული კარგად ორგანიზებული ძალების აქტივობების პარალელურად.
ეს ნათელი შესამჩნევია ჯანაშია-ცეცხლაძის აქციების ფაზებიდან გამომდინარე. მათი მოქმედებები არ არის განყენებული – ყველა ნაბიჯი დაკავშირებულია კონკრეტულ პროცესთან. ამიტომ ბლაჟევიჩთან დაკავშირებაც, შესაძლოა, სახელწოდებებისა და კამპანიურ მსგავსებას მოყვა“, – აღნიშნა გიორგი კაპანაძე.