ირაკლი ხელაძე – ჰერჩინსკის განცხადებაზე: ყველა მხარე, ვინც დაინტერესებულია საქართველოთი ცდილობენ ახალი ოპოზიციური ტალღის აგორებას შეუწყონ ხელი
“ყველა მხარე, ვინც დაინტერესებულია საქართველოთი ცდილობენ ახალი ოპოზიციური ტალღის აგორებას შეუწყონ ხელი,”- ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ „დღის ქრონიკაში” ჰერჩინსკის განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ყველაფერი წამოსულია გარედან დავალებების შესაბამისად.
„სავარაუდოდ, ჰერჩინსკის განცხადებები დაკავშირებულია რაღაც აქტივობებთან [26 მაისის აქცია], რომ თითქოს რაღაც ახალი ოპოზიციური პლატფორმა შეიქმნას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წამოსულია გარედან დავალებების შესაბამისად. ბოლო პერიოდში საგრძნობლად ჩანს, რომ ყველა მხარე, ვინც დაინტერესებულია საქართველოთი, არის გააქტიურებული. ცდილობენ, რომ ამ ახალი ოპოზიციური ტალღის აგორებას ხელი შეუწყონ, თუმცა ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ არაერთი მცდელობა ჰქონდათ, გაეცოცხლებინათ ოპოზიციური სპექტრი საქართველოში. გამორიცხულია, იმ ადამიანებისგან, ვისგანაც არის დაკომპლექტებული დღევანდელი ოპოზიცია, რაიმე წარმატების მიღწევაზე იფიქროს ნებისმიერმა მხარემ, რომელიც ამ პროცესშია ჩართული. შესაბამისად, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გარედან ცდილობენ ხელი შეუწყონ იმ ადამიანებს, ვისაც დაანონსებული აქვთ, რომ რაღაც რევოლუციური სცენარები განავითარონ საქართველოში და შესაბამისად, ხელოვნური სუნთქვის ჩაბერვის მცდელობა აქვთ ამ უპასუხისმგებლო განცხადებებით. კორექტულობის ფარგლებში დარჩენაც კი რთულია, როდესაც ისმენ ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს საქართველოსთან მიმართებით. კარგად ახსოვს ყველას, რომ ეს ის ჰერჩინსკია, რომელიც განსხვავებებს ვერ ხედავდა და ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას მოლდოვასა და უკრაინას ჩვენთან შედარებით უფრო წინ აყენებდა.
თეთრზე შავითაა დაწერილი რა განცხადებაც გააკეთა ჰერჩინსკიმ, რომ თუ საქართველო არ შეიცვლის კურსს, ბნელ წარსულში დაბრუნდებაო. ჯერ რომელ ბნელ წარსულზე საუბრობს. ამ ქვეყანაში თუ ბნელი წარსული იყო, ყველას კარგად გვახსოვს როდის იყო. ეს იყო 2003 წლიდან 2012 წლამდე, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა” იყო ამ ქვეყნის სათავეში და ათას უბედურებას აკეთებდა. თუ რამე სიბნელე და კატასტროფული შედეგები დადგა ქართველი ხალხისთვის, მაშინ ხდებოდა. არ ვიცი ჰერჩინსკი რომელ ბნელ წარსულს გულისხმობს“,- აღნიშნა ხელაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება.