ირაკლი ხელაძე: ჩვენ დავასრულეთ ენის მოჩლექით საუბარი, მათ შორის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლობასთან
„ჩვენი მხრიდან რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს. პირველ რიგში, მას აქვს დიპლომატიური მისია საქართველოში“, – ასე გამოეხმაურა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ხელაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომელმაც განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.
ხელაძის თქმით, განცხადების მოტივთან დაკავშირებით კითხვები უნდა დაისვას.
„უნდა დაისვას კონკრეტული კითხვები რა იყო ამ განცხადების მოტივი და უნდა იყოს გაცემული კონკრეტული პასუხები. როდესაც ასეთ აპოკალიპტურ სურათს უხატავ საზოგადოებას და ისეთ მოლოდინებს უქმნი, თუ რაიმე შენთვის მისაღები შედეგი არ იქნება, პასუხებიც აუცილებლად უნდა გაეცეს.
ჩვენ დავასრულეთ ენის მოჩლექით საუბარი, მათ შორის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლობასთან. ჩვენმა ქვეყანამ უკვე დიდი ხანია უკვე მოიპოვა სუვერენიტეტის განსაკუთრებული ხარისხი. ამ საკითხთან დაკავშირებით კომპრომისი ვინმესთან გამორიცხულია. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება ეს, ევროპელი ბიუროკრატი თუ სხვა. შესაბამისად, ამ სუვერენიტეტის განცდით, დამოუკიდებლობის ხარისხის შეგრძნებით აუცილებლად ძალიან თამამად, ღიად, დაუფარავად უნდა დავსვათ კითხვები რა იყო პაველ ჰერჩინსკის მიზანი, როდესაც ის ამ ტიპის განცხადებებს აკეთებდა“, – აღნიშნა ირაკლი ხელაძემ “იმედის” ეთერში საუბრისას.