დავით ნარმანია: გადაწყვეტილებით კანონმდებლობა არ დარღვეულა და თუ კანონთან აქვს შენიშვნები თორდიას, დაწეროს, რომ კანონი მოუქნელია

​მოარგო თუ არა მერიამ აუქციონის პირობები ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს? ამის შესახებ თბილისის მერი დავით ნარმანია გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს. როგორც სტატიაში თბილისის მერი აღნიშნავს, ნაკვეთის აუქციონზე გატანის ღირებულებას დაქირავებული აუდიტი ადგენს და ისიც შესაძლებელია, რომ აუქციონი გარკვეული პირობებით გამოცხადდეს.
„ნაკვეთის აუქციონზე გატანის ღირებულებას ადგენს დაქირავებული აუდიტი, თანაც აუქციონზე მიწის საბაზრო ღირებულების საწყისი ფასია მითითებული. აუქციონის პირობებს თბილისის მერიის ქონების სამსახური ადგენს, თუ მომიჯნავე ნაკვეთი არსებობდა და მიწის ნაკვეთის მიერთების შესაძლებლობა იყო, რის შედეგადაც განაშენიანების ერთიანი რეგულირების საფუძველზე, მშენებლობა შესაძლებელია, დიახ, შესაძლებელია აუქციონი გარკვეული პირობებით გამოცხადდეს“,- ამბობს თბილისის მერი.
დავით ნარმანიას თმით, მიუხედავად იმისა, რომ მიწის ნაკვეთი საბაზრო ღირებულებაზე 1,7-ჯერ ნაკლებ ფასად გაიყიდა, ამ გადაწყვეტილებითაც არ დარღვეულა კანონი.
„ამ გადაწყვეტილებითაც კანონმდებლობა არ დარღვეულა და თუ კანონთან აქვს შენიშვნები თორდიას, დაწეროს, რომ კანონი მოუქნელია. შეიძლება, ვიღაცას მოერგოს და რეკომენდაცია პარლამენტს მიაწოდოს. რაც შეეხება აუქციონზე გამოცხადებულ ფასს, ტენდერში გამარჯვებულმა კერძო აუდიტმა დაადგინა ღირებულება. აუქციონამდე, აუდიტორული კომპანიის შესარჩევად, გამოცხადდა ტენდერი, რომელსაც მერიისთვის ღირებულების შეფასება უნდა მიეწოდებინა“,- აღნიშნა ნარმანიამ.
მერის თმით, აუდიტის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ ჰქონიათ.
„კერძო აუდიტის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვქონდა. რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, კარგი იქნება, ბრიფინგზე რასაც ამბობენ, წერილობით ჩამოაყალიბოს“,- ამბობს თბილისის მერი.
კითხვაზე, რამდენად ვიხილავთ დავით ნარმანიას მომავალ აუდიტორად, თბილისის მერი პასუხობს, რომ ეს გუნდის საერთო გადაწყვეტილებით გაირკვევა.
„კონსულტაცია ბევრ საკითხზე მიმდინარეობს და გუნდის საერთო გადაწყვეტილებით გაირკვევა, მე ვიქნები მერობის კანდიდატი თუ სხვა, ან სად გადავინაცვლებ, თუ თბილისის მერობის კანდიდატი აღარ ვიქნები“,- აღნიშნულია „კვირის პალიტრის“ სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები