წაღვერში დაამთავრა სკოლა, შემდეგ წარჩინებით – სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი. პირველი კერძო სტომატოლოგიური კლინიკა – „იზადენტი“ გახსნა თბილისში. იყო რესპუბლიკის მთავარი სტომატოლოგი. შემდეგ ისე მოხდა, რომ პროფესიულმა საქმიანობამ უკან გადაიწია და სხვა საქმე წამოიწყო, დღეს წაღვერში სასტუმრო „ნატვრის ხეს“ მართავს. სასტუმროს 26-წლიანი საინტერესო ისტორია აქვს.
ეწევა ქველმოქმედებას, ფიქრობს ახალ პროექტებზე, რომ სამომავლოდ წაღვერი უფრო მიმზიდველი და უკეთესი გახდეს.
„ნატვრის ხეს“ ახალი ნიუანსი შემატა პოეტურმა ტურმა – „მუზები წაღვერში“, რომელშიც ცნობილი პოეტები მონაწილეობდნენ. სასტუმროს რომანტიკულ გარემოს ლაზათს მატებდა სწორედ მისი დიასახლისი. – იზა მიქაძის პერსონა.
– წარმოშობით იმერლები ვართ, ჩამოსახლებულები წაღვერში. 6 წლიდან წაღვერში ვიზრდებოდი, ისე თერჯოლაში დავიბადე.
ბებიაჩემი წაღვერელი იყო. მინდა ვიტრაბახო, რომ ბებიაჩემის გენეალოგიის ხაზით, ჩვენ ვართ მეშვიდე თაობის რომანოვის შთამომავლები. არსებობს ამის დამადასტურებელი დოკუმენტები.
მამა და დედა იმერლები არიან. წაღვერში დავამთავრე საშუალო სკოლა. ამბობენ, რომ ჩემნაირი მოსწავლე ჩემს მერე აღარ ჰყოლიათ.
– პროფესიით სტომატოლოგი ხართ. ადრე სად მუშაობდით და როდის გადაწყვიტეთ, რომ ეს სასტუმრო გქონოდათ?
– წარჩინებით დავამთავრე სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიის ფაკულტეტი. ვარ სტომატოლოგი. პირველი სახელობითი კერძო სტომატოლოგიური კლინიკა – „იზადენტი“ მე გავხსენი თბილისში. ვიყავი რესპუბლიკის მთავარი სტომატოლოგი. ჩემი კლინიკის გახსნა 90-იანი წლების მძიმე პერიოდს დაემთხვა. „სტომატოლოგების ჰაუსს“ მეძახდნენ – ისე სწრაფად იღებ გადაწყვეტილებას და აგვარებ პრობლემებსო.
მაშინ კერძო კლინიკები არ იყო, პირველი ჰელიობჟენი, პირველი იტალიური დანადგარი მე შემოვიტანე თბილისში. ახლაც მიყვარს ჩემი პროფესია, მაგრამ დავანებე თავი და გადავერთე სხვა პროფესიაზე, დღეს უკვე სასტუმროს ვმართავ.

– სასტუმროს დაარსების იდეა?
– გიორგი ლეონიძის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი – „ნატვრის ხე“ რომ ვნახე, მოვინუსხე. ლექსიც დავწერე „ნატვრის ხეზე“. მინდოდა, რომ თუ ოდესმე რაიმე საკუთარი მექნებოდა, მქონოდა ამ ლოგოთი – „ნატვრის ხე“. ავისრულე ოცნება კიდეც. ზეპირად ვიცოდი ეს ფილმი, ორი დღის განმავლობაში 12-ჯერ ვნახე.
– მიიღეთ განათლება, გავიდა წლები და დაუბრუნდით წაღვერს „ნატვრის ხესთან“ ერთად…
– ჩემი სასტუმრო უკვე 26 წლისაა. ეს სასტუმრო თავის დროზე წაღვერელებისთვის იყო განკუთვნილია, და არა დამსვენებლებისთვის. ისეთ პერიოდში გავხსენი, სინათლეც რომ არ იყო და ძალიან ცოტა კერძო სასტუმრო იყო. წაღვერში მხოლოდ „ნატვრის ხე“ იყო განათებული. ყველას ვეუბნებოდი, შებნელდებოდა თუ არა, მოსულიყვნენ და ჩაი, ყავა მიერთვათ. თავიდან ზუსტად ეს იყო ჩაფიქრებული – ჩემს ნათესავებს, მეგობრებს დაგვესვენა ერთად.
გავიდა წლები და სასტუმრო დამსვენებლებისთვის უსაყვარლეს ადგილად იქცა. ვინც ჩემთან დაისვენა, ისე შეუყვარდათ წაღვერი, ოც ადამიანს (თუ მეტს არა), გაუჩნდა სურვილი, მიწა ეყიდა და აგარაკი გაეკეთებინა.

ჩოგნურთელმა ლეილა მესხმა ჩემი რჩევით შეიძინა აგარაკი. მანამდე ოჯახთან ერთად ჩვენთან ისვენებდა ქმარ-შვილით. დღემდე ვმეგობრობთ, ვახლობლობთ. ემიგრანტებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ასევე ვურჩიე, შეეძინათ სახლები. მათ სახლებს დღესაც ყურადღებას ვაქცევ.
საინტერესოა, რომ წაღვერში გადაღებულია ცნობილი ფილმები. გიორგი ოვაშვილმა ჯერ მოკლემეტრაჟიანი ფილმი „პირველი სიყვარული“ გადაიღო, შემდეგ – ფილმი ზვიად გამსახურდიაზე – „ხიბულა“. გადამღები ჯგუფი ჩვენს სასტუმროში ცხოვრობდა. სამი თვის განმავლობაში იყვნენ აქ. ზვიადის შემსრულებელი ირანელი იყო, დღემდე მიკვირს, რატომ? კარგად თამაშობდა ნარდს, ვნარდაობდით ხოლმე..
„ხიბულას“ იღებდნენ მონიკა ბელუჩის ოპერატორები. ორნი იყვნენ. მათ შორის ენრიკო ლუჩიდი. გვაჩვენებდნენ ფოტოებს, მონიკა ბელუჩის გადაღების მომენტებს… ჩვენს საკვებს რომ მიირთმევდნენ, თავადაც ამზადებდნენ სპაგეტს და მომართმევდნენ ხოლმე.
„ქრისტეს საფლავზე ანთებული ლამპარი“ – ამ სახელწოდებით ტიმოთესუბანში გადაიღო უკანასკნელი ფილმი რეზო ჩხეიძემ, რომელიც ეკრანებზე არ გამოსულა. ფილმში მრავალი ცნობილი სახე მონაწილეობს.
წაღვერის ულამაზეს ბუნებაშია გადაღებული ქართული მხატვრული ფილმი – ზღაპარი „ცისკარაც“ (1955).

თორნიკე ბზიავა
– როგორც ვიცი, ახლად გახსნილ სასტუმროში მრავალი ახალდაქორწინებული წყვილი გყავდათ…
– თავიდან, მართლაც, იმდენი ახალდაქორწინებული წყვილი გვყავდა, ვფიქრობდი, კი მომწონს სახელი „ნატვრის ხე“, მაგრამ ხომ არ შემეშალა სახელი და თაფლობის თვე ხომ არ უნდა დამერქმია – მეთქი?! აღრიცხული მაქვს, ზუსტად ერთი წლის განმავლობაში 68 წყვილი მივიღეთ. კარზე ამონაბეჭდი გავაკარით. ეს იყო მოვალეობა (ჩემი შედგენილი), რა ევლება ცოლს და ქმარს.
– მეუღლე მხარში გიდგათ და ინტერიერის მოწყობაშიც აქტიურად მონაწილეობს…
– მეუღლე მალხაზ მიქაძე ეკონომისტია – განათლებული, ინტელექტუალი, მრავალ ენას ფლობს. გაცნობისთანავე მომხიბლა (ჩემი გვარი არის ხეცაძე, ვარ მეუღლის გვარზე).
რასაც ხედავთ შემოსასვლელში, მეუღლის გემოვნებით არის მოწყობილი. მისი სახით უცხოელ დამსვენებლებს საინტერესოდ გიდი და მეგზური ჰყავთ. მასთან ერთად მოგზაურობა ერთი დიდი სიამოვნებაა. იგი არის მელომანი – გემოვნებიანი მუსიკის მოყვარული. სასტუმროს შემოსასვლელში გამოჩენილი პიროვნებების ფოტოებია. ჩვენ ასეთი პირობა გვაქვს დამსვენებლებისადმი – ვინც გამოიცნობს ყველა ფოტოს, ჩვენთან ერთი კვირა შეუძლია უფასოდ დასვენება. მაგრამ ჯერ ასეთი შემთხვევა არ ყოფილა.
მინდა ისიც გითხრათ, რომ წაღვერს პარიზს „პატარა პარიზს“ ეძახდნენ. შესასვლელში მალე ძველი წაღვერის ფოტოებიც გამოიფინება.
სულ „ნატვრის ხეში“, რომელიც უკვე უკვე 26 წლის არის, 20 ნომერია. გვინდა გავალამაზოთ და მთის ტიპის სასტუმროს ბუნებრიობა შევუნარჩუნოთ. მესამე სართული გაკეტდეს ძველებურ სტილში, როგორც არტი.
– სასტუმროში ხშირად ჟღერს ცნობილი სიმღერა – „ნატვრის ხეო, ნატვრის ხევ“…
– სიმღერის ორი ვარიანტი გვაქვს. როცა ვრთავთ ამ მელოდიას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან იწყება კვებითი საათები. საუზმეზეც, სადილზე, ვახშამზე ამ სიმღერის ჰანგები ჟღერს.
ორი კვირის წინ ბათუმელი დამსვენებელი მყავდა – ექიმი თეა ივანიაძე, რომელმაც ლექსი – „წაღვერი და ნატვრის ხე“ დაწერა და ლექსზე მაგარი მელოდიაც შეიქმნა. მალე, ვფიქრობ, ეს სიმღერაც გაჟღერდება ჩვენს სასტუმროში.
ყველას ძალიან აღელვებს, როცა მარიტას ტალახს ესვრიან, როდესაც ფუფალა ხესთან მარტო რჩება და ამბობს, თქვენ რა იცით, შიოლა ჩემი გამოგონილიაო. ვფიქრობ, მთელი სიბრძნე ეს არის. სასტუმროს შემოსასვლელში ფუფალას ხელნაკეთი თოჯინაა. აქვეა ამონარიდი ჩემი ლექსიდან:
„ველოსიპედი შექმნილია,
ფიქრი აღარ ღირს,
ბორბალიც ბრუნავს წლებთან ერთად
ჩუმად, იოლად,
ცხოვრების გზაზე თუ სულის საზრდო შემოგელიათ,
ნუ შეშინდებით,
გამოიგონეთ თქვენთვის შიოლა“…
– წაღვერელები ქველმოქმედად გიცნობენ…
– ჩემმა დამსვენებელმა იცის, იმდენად მიყვარს ადამიანები, მუდამ მზად ვარ გვერდში დგომისთვის. მედიცინაშიც ზუსტად ასე ვაკეთებდი.
რასაც ვამზადებთ და გვრჩება, უპოვარებს ვურიგებთ. დღესაც ნობათი ერთ ადამიანს უნდა გავუგზავნო, რომელიც ლოგინად ჩავარდნილია. ასე მცირედით მაინც ვცდილობთ, შევეწიოთ მათ, ვინც დახმარებას საჭიროებს. ამას წინათ, თბილისის მე-4 საშუალო სკოლას 30 ბავშვისთვის ბოტასი გავუგზავნეთ.
ინტერნეტში ვნახე ტყეში ხეებზე ჩამოკიდებული ზამთრის ტანსაცმელი – პალტოები, ქურთუკები და ა. შ. ისე მომეწონა ეს იდეა, უკვე ვაგროვებ ტანსაცმელს. ასი ქურთუკი მაინც უნდა მოვაგროვო და ჩამოვკიდო ხეებზე. ჰქონდეს, მას, ვინც მიხვდება, რომ მისთვის ეს საჭიროა.
ერთხელ ძალიან საინტერესო ხალხს ვმასპინძლობდი. ჩვენთან ისვენებდა გენერალი როინ ძნელაძე. ჩამოიყვანა პოლკოვნიკები მეუღლეებით. საშობაოდ ჩამოვიდნენ. დილით ადრე ვხედავ, თავისი ხელით შეახვია ხინკალი პოლკოვნიკებისთვის. სადღეგრძელოს რომ სვამდნენ, ყველა ხაზს უსვამდა მის დიდ ადამიანობას, მამაკაცებს ცრემლები მოსდიოდათ.
საშობაოდ ყოველთვის ქველმოქმედებას ვეწევი, ჩემი ძველი ასაკოვანი პედაგოგები მუდამ მახსოვს. მათ სერიოზული დახმარება სჭირდებათ. ეს გაიგო როინმა, აიღო ქუდი და ჩამოატარა. შევაგროვეთ 700 ლარზე მეტი. ეგრევე დავურეკე ყველას, ვის რა სჭირდებოდა, ვიყიდეთ მედიკამენტები, საჭირო პროდუქტები და მივუტანე ნობათთან ერთად.
სიკეთეს ძალიან დიდი მუხტი აქვს. იმდენად მომწონს და ნასიამოვნები ვარ თავად, თითქოს ამას საკუთარ თავს ვუკეთებ. როდესაც ადამიანი გასცემს, უზარმაზარ დადებით ენერგიას იღებს, მეცნიერებმა ეს უკვე ჰერცებში გადაიყვანეს.
– დღევანდელ წაღვერზე რას იტყოდით?
– ძალიან ბევრი მიფიქრია წაღვერზე, ჩამოწერილიც მაქვს, რა შეიძლება წაღვერში გაკეთდეს. ეს არის ჩემი პროექტები, რომლებსაც ფული არ სჭირდება. წაღვერში არჯევანიძის ძალიან კარგი ტყეა. საკუთარი ძალებით შესაძლებელია აქ სივრცის შექმნა. აქ მხოლოდ ჰამაკები ჩამოიკიდება და იქნება ინტერნეტი, რომ ადამიანი მივიდეს ტყეში, ჰამაკში ჩაწვეს და სუფთა ჰაერზე დაისვენოს.
უზნარიანის ციხის ქვემოთ დევების წყალია. იქ არის ღელე, ისიც დავაპროექტე, ეიფელის ხიდის მიმდებარე ტერიტორია მოუვლელია. აქ შესაძლებელია გადაჭრილი ხის კუნძების გამოყენება, რომ დასაჯდომი ჰქონდეს ადამიანს, რომელიც დაათვალიერებს იქაურობას. ტყიდან ბუნებრივად შეგვიძლია სარგებლის მიღება.
კარგი იქნება უზნარიანის ციხის განათება.
წაღვერი უწინ ცოცხალი ორგანიზმი იყო, რადგან აქ მრავალი დაწესებულება იყო.
ახლა თანდათან ლამაზდება, წაღვერის წყალი დიდი პრობლემა იყო. სათავე გაკეთდა და ნელ-ნელა გადართვები ხდება. ეს პრობლემაც უკვე აღმოფხვრილია. გვაქვს ძალიან კარგი პარკი, რაც მთავარია, აქ არის ბუნებრივი წყლები, რითაც განთქმულია წაღვერი? ეს წყალი სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის, ნაღვლის ბუშტისთვის, ანემიისთვის.
ამ წყლებს გაეროს პროექტით ჩაუტარდათ ანალიზი. წაიღეს, ყველაფერი შეამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ევროპაში ჩვენს წყალს ანალოგი არ მოეძებნება. რის კარლოვი ვარიო, – ასე გვითხრეს. ეს ლიტონი სიტყვები არ არის, დოკუმენტაციაა. ერთ-ერთი წყალი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას და მისწრებაა ანემიისთვის.
უკვე ისხმება მინერალური წყალი – „წაღვერი“.
წაღვერი არის კურორტი, ამას თავის დროზე ცნობილი იურისტი და მეცნიერი გივი ინწკირველი ამბობდა. აქ ბევრი დასასვენებელი სახლი, ბანაკები იყო. უამრავ გამოჩენილ ადამიანს ჰქონდა წაღვერში აგარაკი – ყაუხჩიშვილებს, ცნობილი „ლაღიძის წყლების“ ლაღიძეს… ელდარ შენგელაიას… ნინოწმინდის ტაძართან არის ხის ულამაზესი სახლი, შენარჩუნებული აქვს ავთენტიკურობა, აქ დაიწყო „დაისის“ დაწერა ზაქარია ფალიაშვილმა. რომელი ერთი ჩამოვთვალო.
– როდის იწყება სეზონი წაღვერში და რამდენი დღე არის მიზანშეწონილი?
– მაისის შუა რიცხვებიდან იწყება სეზონი, სკდება გირჩები და ყვავილობს. მტვერი იფრქვევა. ეს სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, ვინც ალერგიული არ არის. შემდეგ უკვე ივლისის შუა რიცხვებიდან მოდიან დამსვენებლები. თუმცა ადრინდელთან შედარებით შემცირდა ჩამომსვლელთა რიცხვი. პანდემიამ ერთი კარგი საქმე გააკეთა, ბევრი დაუბრუნდა სახლებს. მოაწესრიგეს სახლები, მიხვდნენ, რომ კარგია სუფთა ჰაერზე ყოფნა და ქალაქის დამღლელი სიტუაციიდან განრიდება.
18-24 დღე უნდა გაატარო მთაში, მერე მთელი წელი მიგყვება ყველა ორგანოს განახლება ხდება უჯრედულ დონეზე.
– მთელი საქართველოს სოფლების მსგავსად, წაღვერიც დაცარიელდა…
– დიახ, ეს სრულიად საქართველოს სოფლების პრობლემაა. ახალგაზრდებისთვის არ არის შემაკავებელი სივრცე, არ არის სამსახურები. სასტუმროს ეზოში კოტეჯი გავაკეთე სპორტული დარბაზით, ფინური აბანოთი, რომ არასეზონზე მოვიდნენ წაღვერელი ახალგაზრდები, ივარჯიშონ. მაგრამ მაინც ვერ აეწყო ეს საქმე. მხოლოდ ამით ვერ დაამაგრებ მათ.
– „მუზები წაღვერში“ – ასე ერქვა იმ არაჩვეულებრივი სამი დღის ქრონიკას, რომელიც წაღვერში, სასტუმრო „ნატვრის ხეში“ გაიმართა… სამი დღე მშვენიერ, კომფორტულ სასტუმროში ვიმყოფებოდით და არაჩვეულებრივი დიასახლისი გაგიცანით…
– პოეტებმა სამი დღე გაატარეს წაღვერში, ჩვენს სასტუმროში, სადაც ახალი შემოქმედებითი ენერგიით დაიმუხტნენ.იყო მინი ტურები, კოცონი, პოეზიის საღამოები, ღვინის დეგუსტაცია…
წაღვერზე დაიწერა ლექსები. მეც მაქვს ლექსი წაღვერზე. როცა ვარ ჩემთვის, მუზასთან ერთად, ემოციის გადმოცემა მაბედნიერებს. პოეტების ყოფნამ გამაბედნიერა. ის ორი საღამო კოცონთან ერთად დამამშვიდებელ ცეცხლის ალთან ერთად შეიქმნა ახალი ლექსები. როგორი დიდებული პროზა მოგვიძღვნა ციცინო ბაბუციძემ, არაჩვეულებრივი იყო – ჯუბა ღებელის ლექსი, აკაკის გაბრიჭიძის ლექსი.. . ვისურვებდი, რომ ეს ტური არ იყოს ერთჯერადი. დარწმუნებული ვარ, თქვენთვისაც იყო რელაქსი. ბუნებას არ უნდა დაშორდეს ადამიანი, აქ სხვა ემოციაა.
მინდა ყველა პოეტს, ვინც სასტუმრო „ნატვრის ხეს“ სტუმრობდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. ყველა თქვენგანში რაც დავინახე, ეს იყო უსაზღვრო სიყვარული საქართველოსი. მე ყველა სიტყვას ვისრუტავდი, ყველა სიტყვაში იგრძნობოდა, როგორი გინდათ რომ ჩვენი სამშობლო საქართველო იყოს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის.
შემოქმედებით ტურების გაკეთება ჩემი და გულიკო ზუმბაძის ერთობლივი იდეაა. სამომავლოდ დაიგეგმება სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ტურები..
ადრე მქონდა პუტკუნების პროექტი, ერთხელ წარმატებით განვახორციელე და შემდეგ პანდემიამ შეგვიშალა ხელი.
– ოჯახი შვილები…
– მყავს მეუღლე და 3 შვილი – გიორგი, გენადი და თამარი და 8 შვილიშვილი.. მინდოდა, რომ სტომატოლოგები გამოსულიყვნენ, მაგრამ არცერთი გაჰყვა ჩემს პროფესიას. არადა შეიძლება წარმატებული ექიმები ყოფილიყვნენ. თუმცა თუ არ გიყვარს ეს საქმე, აზრი არ აქვს.
ასევე, ვფიქრობ ვინ გააგრძელებს სამომავლოდ „ნატვრის ხეს“…

– ჰობი…
– ბევრი ჰობი მაქვს. ვცვლი ხოლმე. ხან კულინარიას დავიწყებ, ხან მზარეულობას, ხან ლექსების წერას… ბოლოს ქსოვა დავიწყე და ძალიან კარგადაც გამომდის. აზარტულია ქსოვა. ერთი სული მაქვს, სეზონი რომ დამთავრდება, ქსოვა ისევ გავაგრძელო. ორ დღეში ერთხელ მაინც ვქსოვ… კარგად ვკერავ…
– მზარეულობა ახსენეთ… თქვენი გემოვნებით მზადდება კერძები…
– სიმართლე გითხრათ, ჩვენნაირი კვება არ ექნება უფრო მაღალფასიან სასტუმროებსაც არ აქვთ. ეს ჩემი მოსაზრება არ არის. აქ იყო ერთი ექსპერტი,რომელმაც მითხრა, ბევრად უფრო მეტი საკვები მიეწოდება დამსვენებელს, ვიდრე ღირსო.
დირექტორიც, მფლობელიც მზარეულიც, როცა საჭიროა, დამლაგებელიც მე ვარ. ძირითადად, სამზარეულოს მაინც მე ვაკონტროლებ, კრეატიული საჭმელები მიყვარს… დამსვენებელს ვუმზადებ იმას, მე რაც მიყვარს. და არა იმას, რაც მას უყვარს. უცხო გემოები ძალიან მიყვარს.
ზოგადად კი, ყველაფერში მაქსიმალისტი ვარ.
თამარ შაიშმელაშვილი