აჭარის რეგიონი პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას მასპინძლობს
აჭარის რეგიონი პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას მასპინძლობს. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე მთავრობის წევრებთან ერთად ქვემო სილეზიის მარშალს პაველ განცაჟს შეხვდა.
“შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები, ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დინამიკა და რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.
ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მიმდინარე წელს აჭარის რეგიონისა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის რეგიონთაშორისი მეგობრობის და პარტნიორობის 10 წლის იუბილე აღინიშნება. აჭარის ხუთი მუნიციპალიტეტი მჭიდროდ არის დამეგობრებული ქვემო სილეზიის ქალაქებთან და ამ წლების მანძილზე სისტემატურად ხდება ტურისტული თუ კულტურული პოტენციალის გაცვლა და შესაბამისი მიმართულების უწყებების წარმატებით თანამშრომლობა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს. ხაზი გაესვა პოლონეთის ტურისტულ ბაზარზე აჭარის პოპულარიზაციის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა სისტემატურად მონაწილეობს პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, რაც რეგიონის ცნობადობის ზრდასა და პოლონეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვას უწყობს ხელს.
შეხვედრის ფარგლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს და ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უწყებების საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.
შეხვედრას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ცინცაძე, პოლონეთში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი რევაზ საყვარელიძე, აჭარის მთავრობისა და ქვემო სილეზიის დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ”,- წერია ინფორმაციაში.