ეკა ბესელია: აუცილებელია, თორდია-ფარცხალაძის საქმის გამოძიება ობიექტური და მიუკერძოებელი იყოს
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება ჩატარდეს რაც შეიძლება გონივრულ ვადაში, რაშიც მოკლე ვადებს ვგულისხმობ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ თორდია-ფარცხალაძის საქმის გამოძიების კომენტირებისას განაცხადა.
ბესელიას თქმით, აუცილებელია, რომ გამოძიება იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი.
„რა თქმა უნდა, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თაობაზე დირექტივას და დავალებას ვერ მივცემთ, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს გამოძიება იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი და რაც შეიძლება გონივრული ვადების დაცვით. ეს პრინციპულია იმისთვის, რომ პარლამენტს ჰქონდეს სწორი პოზიცია და რეაგირებაც. გამოძიების ყოველმხრივი ჩატარება მოკლე ვადებში მნიშვნელოვანი იქნება, რომ რეალური სურათი გაირკვეს და რეალური ვითარება იყოს გადმოცემული ყოველგვარი მიკერძოების გარეშე“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ლაშა თორდიას და საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შუალედური შედეგები და ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის მისამართით ხელი პირველმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა ლაშა თორდიამ მოიქნია.