ლაშა თორდია: შსს-მ კადრები ისეთი რაკურსით წარმოაჩინა, რომ ჩემი დისკრედიტაცია მომხდარიყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგს ეხმაურება. ლაშა თორდიას მიაჩნია, რომ შს სამინისტრო არის დაინტერესებული მხარე, რომელიც ყველა იმ გარემოების ინტერპრეტაციას ახდენს, რაც იქ მოხდა.
როგორც ლაშა თორდიამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კადრებით კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ პირველმა მასზე თავდასხმა ოთარ ფარცხალაძემ განახორციელა.
„საზოგადოებამ რამდენიმე წუთის წინ იხილა ვიდეოკადრები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგი. როგორც ჩემთვის მოსალოდნელი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კადრები წარმოაჩინა ისეთი რაკურსით და ხედით, რომ მომხდარიყო ჩემი დისკრედიტაცია, თითქოს მე დავარტყი ხელი პირველმა ოთარ ფარცხალაძეს, თუმცა მათივე კადრებიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ მირტყამს პირველი ოთარ ფარცხალაძე. მათივე კადრებიდანვე დასტურდება ის ფაქტი, რომ იქ არ ყოფილა წამიერი შეხვედრა, არ ყოფილა მომენტალური გადაკვეთა. კადრები არის წარმოდგენილი იმ რაკურსით, რომ შემდგომ ვერ დავინახოთ, როგორ მოჰყვა გაგრძელება ამ თავდასხმას. მინდა ცალსახად განვაცხადო, შინაგან საქმეთა სამინისტრო არის დაინტერესებული მხარე, მიკერძოებული მხარე, რომელიც ახდენს ინტერპრეტაციას ყველა იმ გარემოების, რაც იქ მოხდა, თუმცა ამ კადრებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ თავდასხმა განხორციელდა ოთარ ფარცხალაძის და მათი დაცვის წევრების მხრიდან. მე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ პირველი დარტყმა განახორციელა ოთარ ფარცხალაძემ, რასაც მოჰყვა ჩემი რეაქცია“, – განაცხადა თორდიამ.
ცნობისათვის, რამდენიმე წუთის წინ შს სამინისტრომ თორდია-ფარცხალაძის საქმეზე შუალედური ანგარიში და დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, რომელიც კაფე “ელ ცენტროში” მომხდარ ინციდენტს ასახავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები