კობა ნარჩემაშვილი: თორდია-ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნა ნაადრევია
„თორდია-ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნა ნაადრევი და არასწორი გადაწყვეტილება იქნება“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის აზრით, გამოძიების შედეგების გამოქვეყნებამდე პარლამენტში დროებითი კომისიის შექმნა საგამოძიებო უწყებების ლეგიტიმაციის საკითხს ეჭვქვეშ აყენებს.
”ამაზე ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს, რადგან კომისიის შექმნით საგამოძიებო ორგანოების ლეგიტიმაციის საკითხს სვამ დღის წესრიგში. რისთვის გვყავს საგამოძიებო ორგანოები, თუკი მას მომხდარზე დასკვნის გაკეთებას არ ვაცლით? მნიშვნელოვანია, დაველოდოთ გამოძიების მიერ საბოლოო დასკვნის გამოქვეყნებას”, – აცხადებს კობა ნარჩემაშვილი.
ნარჩემაშვილი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ თორდია-ფარცხალაძის საქმეზე პროკურატურა პოლიტიკურად მოტივირებულია.
ცნობისთვის, გასული კვირის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა უმცირესობის მიერ შეთავაზებული დადგენილების პროექტი განიხილა, რომელიც შარდენზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. საკითხი კენჭისყრაზე ჯერ არ დამდგარა – გადაწყვეტილებას პარლამენტი მომავალ სასესიო კვირას მიიღებს.