„ საპარლამენტო რესპუბლიკებში სასურველია პრეზიდენტი სწორედ არაპირდაპირი წესით იყოს არჩეული“

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრი” კონსტიტუციის ახალი პროექტის მიხედვით გაწერილ წესს, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის შესახებ, იზიარებს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლადო ბოჟაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში აღნიშნა, კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკებში სასურველია, პრეზიდენტი სწორედ არაპირდაპირი წესით იყოს არჩეული.
„ კლასიკურ საპარლამენტო რესპუბლიკებში სასურველია, პრეზიდენტი სწორედ არაპირდაპირი წესით იყოს არჩეული. პრაქტიკა ასეთია, რომ პრეზიდენტს ირჩევს ან პარლამენტი ან შესაბამისი კოლეგიები. ჩვენს შემთხვევაში, წარმოდგენილია 300-კაციანი კოლეგია, რომელშიც 150 პარლამენტის წევრი იქნება ჩართული. დანარჩენი ხმები კი საკრებულოებს, აჭარის უმაღლეს საბჭოს და აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ეკუთვნის. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ არაპირდაპირი წესით არჩევნები უნდა ჩატარდეს 2023 წელს, ეს აუცილებლად იქნება შემდგომი მოწვევის პარლამენტი, რომელიც დარწმუნებული ვარ, მრავალპარტიული იქნება და რაც მთავარია, საკრებულოები იქნება არა 2017 არამედ 2021 წელს არჩეული. საკრებულოებში შედარებით დაბალი, 4%-იანი ბარიერია და დარწმუნებული ვარ, საკრებულოებიც მრავალპარტიული იქნება. შეიძლება, სულაც არ იყოს საქმე ისე მარტივად, რომ მაინცდამაინც გამარჯვებულმა პარტიამ აირჩიოს პრეზიდენტი. პირდაპირი არჩევის წესის პრაქტიკა ჩვენ გვიჩვენებს, რომ პრეზიდენტი არ არის ხოლმე არც ოპოზიციიდან არჩეული და არც დამოუკიდებელი კანდიდატი, მაინც სახელისუფლებო ძალის კანდიდატი ირჩევა ყოველთვის. არაპირდაპირი არჩევის წესი რომ ახლა ამოქმედებულიყო, ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნებოდით, რადგან ეს პირდაპირ დაკავშირებული იქნებოდა პრეზიდენტ მარგველაშვილთან, მაგრამ რადგან ეს წესი 2023 წელს ამოქმედდება, უკვე ყველა კითხვა, მასთან შესაძლო დაპირისპირების შესახებ მოიხსნა“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები