უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ამერიკელ კოლეგასთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბარი გამართა.
„ნაყოფიერი საუბარი მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან. მთავარი, რა თქმა უნდა, ომის დასრულებაა. მადლობელი ვართ აშშ-ის პრეზიდენტის ყველა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიმართულია სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ. მართლაც საჭიროა, რაც შეიძლება მალე შეწყდეს მკვლელობები, ჩვენ ამას სრულად ვუჭერთ მხარს. ომის გარეშე შეიძლებოდა მრავალი თვის გატარება, რუსებს რომ არ გაეჭიანურებინათ ის“, – აღნიშნა ზელენსკიმ Telegram-ზე.
მან ასევე განაცხადა, რომ საუბარი ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას ეხებოდა.
„უკრაინულმა მხარემ უკვე მოამზადა დრონების შესახებ შეთანხმების პროექტი, ჩვენ მზად ვართ დეტალურად განვიხილოთ და დავდოთ იგი. ეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეთანხმებაა, რაც კი შეიძლება არსებობდეს. მადლობა ყველა ამერიკელის გულს, რომელიც მხარს უჭერს ჩვენი სიცოცხლის დაცვას. მადლობა, პრეზიდენტო ტრამპ!“ – დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ამერიკელ ლიდერთან საუბრისას უკრაინისა და აშშ-ის პოზიციები შეთანხმებული იყო. საუბარი შეეხო იმ ფაქტს, რომ რუსებმა უკრაინის ქალაქებზე დარტყმების სისასტიკე გააძლიერეს.
„პრეზიდენტი ტრამპი სრულად არის ინფორმირებული კიევზე, ჩვენს სხვა ქალაქებსა და თემებზე რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შესახებ“, – დასძინა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მხარეებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზეც იმსჯელეს.