აშშ ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტს ორჯერ ამცირებს

შეერთებულმა შტატებმა ივნისში ჩინური ავტომობილების იმპორტი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ორჯერ შეამცირა, თუმცა წლის პირველ ნახევარში იმპორტის საერთო მოცულობა ოდნავ გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ამერიკული სტატისტიკური სამსახურის მონაცემების შესწავლის შემდეგ აქვეყნებს.

მედიის ცნობით, მიმდინარე წლის ივნისში ჩინეთიდან შეერთებულ შტატებში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა 133.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ეს თითქმის ორჯერ ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე და 5.6%-ით მეტი მაისის მაჩვენებელზე.

ივნისში შეერთებულმა შტატებმა ჩინეთისგან ყველაზე მეტი შეიძინა: 1.5-დან 3 ლიტრამდე მოცულობის ბენზინის ძრავიანი მსუბუქი ავტომობილები (58 მილიონი აშშ დოლარი), ჰიბრიდები (51.8 მილიონი აშშ დოლარი) და ელექტრომობილები (14.5 მილიონი აშშ დოლარი).

მიწოდების შემცირების მიუხედავად, ჩინეთმა წლის განმავლობაში აშშ-ში ავტომობილების იმპორტის მთლიან მოცულობაში ერთი პოზიციით ამაღლება მოახერხა და მეათედან მეცხრე ადგილზე გადაინაცვლა. ხუთეულში შედიოდა მექსიკა (4.2 მილიარდი დოლარი), იაპონია (3.1 მილიარდი დოლარი), სამხრეთ კორეა (2.7 მილიარდი დოლარი), კანადა (1.9 მილიარდი დოლარი) და გერმანია (1.5 მილიარდი დოლარი).

ამავდროულად, წლის პირველი ნახევრის შედეგებით, შეერთებული შტატების მიერ ჩინური ავტომობილების იმპორტის საერთო მოცულობა წლიურ მაჩვენებელში უმნიშვნელოდ, 2.2%-ით გაიზარდა და 993.9 მილიონი დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები