„დემოკრატები“ ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არარსებობაში ადანაშაულებენ
„დემოკრატები“ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების არარსებობაში ადანაშაულებენ.
როგორც „დემოკრატების“ მიერ გამოქვეყნებული შეერთებული შტატების სენატის საბანკო კომიტეტის ანგარიშშია ნათქვამი, ტრამპის ადმინისტრაციამ დიდი ხანია არ განაახლა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეჟიმი, რამაც მოსკოვს საშუალება მისცა, ადაპტირებულიყო თავისი ეკონომიკა და გაეგრძელებინა სპეცოპერაცია უკრაინაში.
„პრეზიდენტ ტრამპისა და სხვა ოფიციალური პირების განცხადებების მიუხედავად, ადმინისტრაციამ უმოქმედობა აჩვენა. ბოლო 12 თვის განმავლობაში არც ერთი მნიშვნელოვანი სანქციების პაკეტი არ შემოღებულა“, – ხაზგასმულია კომიტეტის თავმჯდომარის, შეროდ ბრაუნის ინიციატივით მომზადებულ დოკუმენტში.
ანგარიშის ავტორების თქმით, ამ პერიოდში რუსეთმა „დაასტაბილურა ეკონომიკა, გაზარდა ექსპორტი, შექმნა დასავლური შეზღუდვებისთვის გვერდის ავლითი გზები და გააძლიერა თანამშრომლობა ჩინეთთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან“.
ხაზგასმულია, რომ მოსკოვი აქტიურად იყენებს კრიპტოვალუტას, ჩრდილოვან მიწოდების მარშრუტებს და იუანებსა და დირჰემებში ანგარიშსწორებას არსებული შეზღუდვების გვერდის ავლის მიზნით.
„ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მას სურს ცეცხლის შეწყვეტა 8 აგვისტომდე. თუმცა, თუ ვაშინგტონი არ მიიღებს რაიმე რეალურ ზომებს, ეს აღიქმება, როგორც სისუსტე და დააზარალებს შეერთებული შტატების საერთაშორისო რეპუტაციას“, – ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.
სენატორები აღნიშნავენ, რომ რუსული ბანკები მესამე ქვეყნების მეშვეობით აგრძელებენ ოპერირებას. ამავდროულად, მათი თქმით, მარაგების მონიტორინგისა და ანგარიშგების მექანიზმი არასდროს დანერგილა.
„სანქციები ძალას კარგავს, თუ ისინი რეალური ქმედებებით არ არის გამყარებული“, – ხაზგასმულია ანგარიშში.