როგორ გახდა მწერალი ბორის აკუნინი პუტინის მტერი

რთულია, გადმოსცე ბორის აკუნინის გავლენის მასშტაბები რუსულ საზოგადოებაზე. როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინს მისი ეშინია. ბევრ ქვეყანაში ეს წიგნიერი და ბესტსელერების პროდუქტიული ავტორი, რომელსაც, პირველ რიგში, იცნობენ, როგორც ერასტ ფანდორინის შესახებ დეტექტივების ავტორს, ალბათ არც კი იქნებოდა განხილული ისტებლიშმენტის მიერ, როგორც საფრთხე, მაგრამ რუსეთი ხომ გამონაკლისი ქვეყანაა.
რუსულ ეროვნულ იდენტობას ყოველთვის დიდი მწერლების ისტორია აყალიბებდა. სტალინი, რომელიც, სხვათა შორის, პოეტიც გახლდათ, ამას ყველაზე უკეთ აცნობიერებდა. ისევე, როგორც თავის ხალხთან მიმართებაში, მან რუსულ ლიტერატურაზეც დააწესა სასტიკი ცენზურა და კონტროლი. პუტინიც ამ გზას ადგას. კრემლმა სინამდვილის გულში ქარიშხალი მოაწყო, ანუ პუტინი გვევლინება პროსპეროს როლში, რომელიც რეალობას აქცევს მხატვრულ თხზულებად, ხოლო შემდეგ ამ მხატვრულ თხზულებას ისტორიად. აკუნინი კი მას ამ გზაზე ხელს უშლის.
ლიტერატურული გაქანების კუთხით, აკუნინი რუს ჯოენ როულინგად შეიძლება წარმოვიდგინოთ, ხოლო სტილით ის სადღაც დოროტი დანეტსა და რობერტ ლადლემს შორის არის. მისი დეტექტივები, რომელთა მოქმედება მე-19 საუკუნის რუსეთის იმპერიაში ხდება, თარგმნილია დაახლოებით 50 ენაზე და გაყიდულია 30-მილიონიანი ტირაჟით.
ნამდვილი სახელის გარდა, აკუნინს გამოცემული აქვს ნაწარმოებები, სულ მცირე, სამი ფსევდონიმით. ის გახლავთ მთარგმნელი, ესეისტი, პედაგოგი, დრამატურგი და ისტორიკოსი.
მისი ნამდვილი სახელია გრიგოლ ჩხარტიშვილი. ის 1956 წელს დაიბადა ზესტაფონში, ებრაელი დედისა და ქართველი მამის ოჯახში. 1958 წელს ისინი მოსკოვში გადასახლდნენ, სადაც ის ჩამოყალიბდა კიდეც მრავალმხრივ ლიტერატურულ გიგანტად.
კრემლის საჯარო კრიტიკით აკუნინი პირველად 2011 წელს გამოვიდა, როცა რუსეთი პროტესტის ტალღამ მოიცვა, რომელიც კიდევ უფრო გაამძაფრა 2014 წელს ყირიმის ოკუპაციამ. პუტინი, რომელიც, როგორც ჩანს, აკუნინის ნაწარმოებების თაყვანისმცემელია, განაწყენდა და შეეცადა, აკუნინის ქართული წარმომავლობა მის წინააღმდეგ გამოეყენებინა. ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ აქ პუტინი მოქმედებდა ყველაზე ცნობილი ქართველის, სტალინის რეცეპტის მიხედვით.
ასე რომ, ბორის აკუნინი მოულოდნელად იქცა რუსული ოპოზიციის ინტელექტუალურ მოძღვრად. ახლახან კრემლის ურვას ისიც დაემატა, რომ მან დაიწყო რუსული სახელმწიფოს ისტორიის ამომწურავი რვატომეულის წერა. შარშან მან უკვე მესამე ტომი გამოსცა. აკუნინის მხრიდან რუსეთის ლიდერის კრიტიკის კვალდაკვალ, მაშინ, როცა რუსეთის ოპოზიციის წევრები ბუზებივით იხოცებიან, არსებობს საფუძვლიანი შიში, რომ მეოთხე ტომს გამოცემა არ უწერია.
კრემლის ისტორიული რევიზიონიზმის გაქარწყლების გარდა, რაც თავისთავად უკვე მოითხოვს ტიტანურ შრომას, აკუნინმა ასევე შექმნა „ჰამლეტი. ვერსია“, შექსპირის პიესის ადაპტაცია, რომლის პრემიერა ამ კვირას გაიმართება ბროდვეიზე. დადგმა ეკუთვნის ირინა გაჩეჩილაძეს და ეს არის აკუნინის პირველი პროექტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
პროდიუსერების თანახმად, “ჰამლეტი. ვერსია“ ასახავს „მზარდი პოლიციური სახელმწიფოს ინტრიგებს, ოპორტუნიზმსა და პოლიტიკურ მანიპულაციებს“.
აკუნინის პიესა „გვიხატავს მომავლის რადიკალურად განსხვავებულ სურათს დღევანდელი პოლიტიკურ დილემასთან დაკავშირებით: როგორ აღმოვფხვრათ ძველი, რათა გზა გავუხსნათ ახალს“.
დღესდღეობით ავტორი გაურბის კონკრეტიკაზე საუბარს, მათ შორის მისი ადგილმდებარეობის შესახებ, რაც ბუნებრივია. სწორედ ამ ფონზე, სადაც ინტრიგა აკუნინის რომანებს შეეფერება – რეალობა, რომელიც ხელოვნებას ბაძავს და ა.შ., გამოცემამ The Daily Beast შეძლო ინტერვიუს აღება მწერლისგან, რომელიც იქცა ისტორიკოსად, რათა შემდეგ ქცეულიყო დრამატურგად.
კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა მან პიესების წერა, აკუნინმა გვიპასუხა, რომ ამას განტვირთვისთვის აკეთებს და ეს პროცესი „შვებულებაში გასვლას“ შეადარა.
„პიესების წერა საუცხოო გზაა პასუხისმგებლობის მოსახსნელად“, – ამბობს ის.
„დიალოგი არის ლიტერატურული ტექსტის ყველაზე მარტივი ნაწილი, ამას ნებისმიერი მწერალი დაგიდასტურებთ. თუკი რაღაც არ გამოგივიდა, გვერდში ბევრი ადამიანია, ვინც ამას გამოასწორებს, მაგალითად, რეჟისორი, მსახიობები. კიდევ ერთი დადებითი მხარე ის არის, რომ აუდიტორია შენი ტყვეა“, – აცხადებს აკუნინი.
აქ, ალბათ, უნდა აღინიშნოს, რომ „აკუნინი“, სახელი, რომელიც მან ფსევდონიმად აირჩია, იაპონურიდან, რომლის შესწავლასაც მან წლები მიუძღვნა, ითარგმნება, როგორც „ბოროტმოქმედი“.
„მათ იყიდეს ბილეთები, – აგრძელებს დრამატურგი, – თავი შეიწუხეს თეატრში მოსვლით. ასე რომ, სპექტაკლი მართლაც რაღაც საშინელება უნდა იყოს, რომ ისინი ადგნენ და წავიდნენ. წიგნის შემთხვევაში კი ისინი უბრალოდ დახურავენ მას – უმადური ნაბიჭვრები“.
„ერთი სიტყვით, მიყვარს თეატრისთვის წერა“, – დაამატა მან.
ისმის ბუნებრივი შეკითხვა: „რომელი შექსპირისეული პერსონაჟი იქნებოდა პუტინი და რატომ?“ აკუნინის ლაკონური პასუხი არ აყოვნებს: „იაგო. ცალსახად იაგო. ის ძლიერია მოკლევადიან გეგმებთან მიმართებაში, მაგრამ შემდგომი სირთულეების განჭვრეტა უჭირს“.
მისი ნამუშევრის განხილვისას აუცილებლად უნდა გავცეთ პასუხი შემდეგ კითხვას – რა უნდა აკუნინს, რომ ამერიკამ რუსეთისა და მისი ხალხის შესახებ შეიტყოს? „მხოლოდ ის, რომ რუსეთი საინტერესო ქვეყანაა და მის შესახებ არსებული სტერეოტიპული წარმოდგენები არ შეესაბამება ჭეშმარიტებას“.
როდესაც ეკითხებიან, თუ რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ მას დისიდენტად მიიჩნევენ, მწერალი პასუხობს: „ალბათ ასეა. თუმცა მე ნაკლები ენთუზიაზმი მაქვს ვიდრე ნამდვილ პოლიტიკურ დისიდენტს. მე რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი გმირი არ ვარ. უბრალოდ, ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ“.
„ჰამლეტი, ვერსია ა“-ს აღმასრულებელი პროდიუსერის, მარკ მიულენის აზრით, აკუნინი არასდროს ყოფილა ასეთი აქტუალური. ეს კი გამოწვეული კრემლის მცდელობით, ისტორია და კულტურა პოლიტიკური მანიპულირების იარაღებად გამოიყენოს.
„ამერიკულმა და რუსულმა საზოგადოებამ დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს ისტორიას და განსაზღვროს, თუ რა ხდება დღეს,“ – აღნიშნავს მიულენი.
„ინფორმაცია საოცარი სიჩქარით ვრცელდება და ხშირად იარაღის სახითაც გამოიყენება. თუ დაკვირვებული, განათლებული ადამიანები კონტექსტუალურად არ აღწერენ განვითარებულ მოვლენებს, ამას სხვა იზამს. ამ სხვას კი შეიძლება ჩვენთვის სიკეთე არ უნდოდეს. სწორედ ახლა გვესაჭიროება ყველაზე მეტი ისტორიკოსი და ხელოვანი, რომელიც თავის ადგილს დაიკავებს და კონტექსტუალურად წარმოადგენს ჩვენს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.“
თუ კრემლი აკუნინს შეუშლის ხელს თავისი ისტორიის მერვე ტომის შექმნაში, ის, იაგოს როლს შეასრულებს და თავადვე, მწერლის ნაცვლად დაწერს ისტორიის მეცხრე ტომს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები