„პრეზიდენტს ვერ ექნება ვერანაირი ფუნქციური დატვირთვა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, ის გახლავთ ნომინალური ინსტიტუცია“

​საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო პროექტში მოსახლეობის რეკომენდაციებით გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს, თუკი ეს ინიციატივები ვენეციის კომისიის დასკვნასთან თავსებადი იქნება. ​
​როგორც მაჭარაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, კონსტიტუციის პროექტის განხილვისას, მოსახლეობას ყველაზე მეტი კითხვა პრეზიდენტის არჩევაზე, საარჩევნო ბარიერზე და ზოგადად, არჩევნების გარშემო ჰქონდა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი თავისი ნომინალური ფუნქციების ფონზე, უნდა აირჩეს ისე, როგორც ეს საპარლამენტო რესპუბლიკისთვის არის დამახასიათებელი.
„ ჩვენ ვაპირებთ, რომ ის პოზიციები და კითხვები, რაც იქნა დასმული მოქალაქეების მხრიდან , იქნას განხილული საკომიტეტო მოსმენაზე და ბუნებრივია, არ გამოვრიცხავთ, რომ რაიმე სახის ცვლილება განხორციელდეს, თუკი ეს ინიციატივები პოზიტიურად იქნება მიღებული და თავსებადი იქნება ვენეციის კომისიის დასკვნასთან, რომელსაც ველოდებით. მოსახლეობისგან ძირითადად, კითხვები მიდიოდა საარჩევნო წესზე, პრეზიდენტის არჩევაზე და ბარიერზე. ხშირად პოლიტიკოსები გამოდიან უბრალოდ, პოლიტიკური ქულების დაწერისთვის, საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა ფუნქციებით არის აღჭურვილი საქართველოს პრეზიდენტი, თუნდაც დღევანდელი კონსტიტუციით . ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა და პრეზიდენტს ბუნებრივად ვერ ექნება ვერანაირი ფუნქციური დატვირთვა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობასთან. ის გახლავთ ნომინალური ინსტიტუცია. სისტემიდან უნდა გამოვიდეთ და მოსახლეობას ვესაუბროთ იმაზე, თუ რა ტიპის ცვლილებები ხორციელდება კონსტიტუციაში“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევის წესს, დეპუტატის თქმით, პარლამენტის მთლიანად პროპორციული წესით დაკომპლექტება ამ ეტაპისთვის ჯეროვანი არ იქნება.
„ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა, პირდაპირი წესით არჩეული თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში – პიროვნება, ვისთანაც პირადად მიიტანს თავის სატკივარს. ჩვენ კი მათ ვეუბნებით, რომ პირობითად, ხვალიდან, აღარ გეყოლება პირდაპირი წარმომადგენელი, ადამიანი, რომელსაც პირდაპირ აირჩევ და ამის ნაცვლად, გამარჯვებული პარტია თვითონ შეარჩევს პიროვნებას, რომელიც შენი წარმომადგენელი იქნება საქართველოს პარლამენტში.დღეს არსებული პრეზიდენტის ფუნქციების ფონზე, როდესაც ვამბობთ, რომ მაინც გვინდა მოსახლეობამ პირდაპირ აირჩიოს პრეზიდენტი, ამ ფონზე, მაჟორიტარის, ქმედითი თანამდებობის პირის არჩევის უფლების შეზღუდვა არ მგონია, სწორი იყოს.ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კონტროლი მაჟორიტარის საქმიანობაზე მედიის მხრიდან, არასამთავრობოების მხრიდან, საზოგადოების მხრიდან, მაგრამ სისტემა არ უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები